ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილმა ხაშურსა და ქარელში შეხვედრები გამართა
ყველას წარსული ცნობილია, თუმცა ჩემი მიზანი ვიღაცის ლანძღვა და ფაქტების გახსენება არ არის, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მისი მიზანია, საზოგადოებამ გაიგოს, თუ რისთვის მოდის პრეზიდენტად.

„შეუძლებელია ჩვენი დროის ხარჯვა იმაზე, რომ დავიწყო მტკიცება, რას წარმოვადგენ – რომ ვარ სალომე და არა გრიგოლი. ამ ყველაფრის ერთ-ერთი დანიშნულებაც სწორედ ის არის, რომ დავიწყო თავის მართლება ან ვიღაცის ლანძღვა, ფაქტების გახსენება და ა.შ. ყველას შეგვიძლია ამის გაკეთება, რადგან ყველას წარსული არის ცნობილი, თუმცა ეს არ არის ჩემი მიზანი და არც იქნება არასოდეს, ამისთვის მე დრო არ მაქვს. ამ ყველაფრის მეორე მიზანი საერთაშორისო არენაზე წინასწარ ჩემი დისკრედიტაციაა. ვითომ, ამ ყველაფრით ხელი შემეშლება, რომ განვახორციელო ჩემი გეგმები, როცა ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი.

ესეც არ იმუშავებს, რადგან ძალიან კარგად მიცნობენ, ბოლოს და ბოლოს მრავალი წლის განმავლობაში ბევრ საერთაშორისო არენაზე ვმოვღვაწეობდი. ამერიკელებსაც და ევროპელებსაც ძალიან კარგად შეუძლიათ, გაარკვიონ, ვინ ვინ არის და წარსულში ვინ რას იცავდა.

შესაბამისად, ამის მტკიცებაც არ არის საჭირო. დღეს რაც არის საჭირო, არის ის, რომ თქვენ კარგად იცოდეთ, რისთვის მოვდივარ პრეზიდენტად; თუ, რომელი არის ბრალდება და რომელი არის სწორი, თქვენც შეგიძლიათ გაარკვიოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე, ჩემზე ყველაფერს ამბობენ და იგონებენ. საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე. მგონი, ჩემ გარდა, არც ერთ საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, არც მოლაპარაკებებზე და არც შეხვედრებზე ქართულად არ ულაპარაკიათ. შეიძლება, შეცდომით ვსაუბრობ ხოლმე, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი ქართული უშეცდომოა, მათ შორის ჩემი შვილების მეტყველება, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ისინი ქართულად საუბრობენ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ოპონენტები აბრალებენ, რომ არის რასისტი, ქსენოფობი და ეს ყველაფერი კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს ეფუძნება.

„მეორე რასაც ეხებიან არის პატრიოტიზმი, ის ყველაფერი, რითაც მოვდივარ ემიგრაციიდან. თურმე ვარ რუსეთის აგენტი, პრორუსი და ა.შ. ეხებიან ჩემი სარწმუნოების საკითხს, თურმე არ ვარ მართლმადიდებელი და ვარ კათოლიკე, მართლმადიდებლობაა ჩემი სარწმუნოება, მაგრამ, რატომ არის ეს ლანძღვის საგანი, არ ვიცი. ეჭვქვეშ აყენებენ ჩემს ტოლერანტობას, ირწმუნებიან, რომ ვარ რასისტი, ქსენოფობი, ეს ყველაფერი კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს ეფუძნება. რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელებიც მოსახლეობას ეცნობიან, როგორც სალომე ზურაბიშვილის აგიტატორები და მათ უსვამენ კითხვებს: რა მოგიტანათ ევროკავშირმა ან ნატო-მ? ხალხს კი უკვირს ეს და ასკვნის, რომ მე პროევროპელი და პროდასავლელი არ ვყოფილვარ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები