ახალი ამბები
ბობნევის ბანაკში გამოცდილმა მეფუტკრემ ახალგაზრდებს ტრენინგი ჩაუტარა
მიმდინარე წლის 14-16 სექტემბერს, სოფელ ბობნევში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო ბანაკი, სახელით: „ახალგაზრდა მეფუტკრეების საგანმანათლებლო/სათავგადასავლო ბანაკი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სოფ. ბობნევში“.

როგორც მოგეხსენებათ უახლოეს მომავალში გორში აშენდება თაფლის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ევროპული სტანდარტებით და ევროპული ბაზრისთვის დაიწყებს ქართული თაფლის წარმოებას. ეს ბანაკი, ემსახურებოდა სწორედ ამ დიდი პოტენციალის მქონე დარგის მოსწავლე/ახალგაზრდებში პოპულარიზაციას.

პროექტი განხორციელდა გორის საზოგადოებრივი დარბაზის მიერ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პარტნიორობით და ტურისტული სააგენტო „Green Relax Energy“-ს თანადგომით.

პროექტში მონაწილეობა მიიღო 25-მა ახალგაზრდამ, რომლებიც ორგანიზატორების მიერ სპეციალურად გამოცხადებული ვიქტორინის მეშვეობით შეირჩა შიდა ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან.

მეფუტკრეობის პროდუქტების, მათი განსაკუთრებული თვისებების, ფუტკრის მოვლის, გავრცელებული დაავადებების და მათი პრევენციის, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ქართული თაფლის პერსპექტივების შესახებ, მონაწილეებთან შეხვედრა ტრენინგი გამართა წარმატებულმა მეფუტკრე/მეწარმემ გელა ჯაბახიძემ და USAID-ის პროექტ "ზრდა"-ს შიდა ქართლის რეგიონალურმა მენეჯერმა ზაზა ზუბიაშვილმა.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასა (DCFTA) და მასთან დაკავშირებულ იურიდიულ თავისებურებებზე ახალგაზრდებს ტრენინგი ჩაუტარათ იურისტმა ანი ნასყიდაშვილმა.

თითოეული ტრენინგზე გადაღებულ ვიდეო/აუდიო მასალაზე დაყრდნობით უახლოეს მომავალში მომზადდება სასწავლო ფილმები და განთავსდება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე, რისი მეშვეობითაც ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება მათი ნახვა და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავება. არასატრენინგო თავისუფალ დროს მოეწყო მცირედი ექსკურსია ბობნევის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. ბანაკის ბოლო საღამოს, მონაწილეთა შორის გაიმართა ინტელექტუალური თამაში „ბრეინრინგი“.
.





Print

სტატიის გამოყენების პირობები