ახალი ამბები
რა პრობლემებს ,,ლობირებენ" ქარელი-ხაშურის გამგებლები

 

სამუშაო შეხვედრას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ესწრებოდა. აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლებს პროექტები წერილობით უნდა წარედგინათ. დოკუმენტებში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს პრობლემების, სამუშაოების განხორციელების გზების და მოსალოდნელი შედეგების აღწერა დეტალურად ევალებოდათ.

 

წარდგენილ პროექტებზე კი, იქ მითითებული მონაცემების მიხედვით, ფონდის წარმომადგენლებს ქულების მინიჭება ევალებათ. შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის განცხადებით, ეს ის პრობლემებია, რომლის გადაჭრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები საკუთარი ბიუჯეტით ვერ შეძლებს.

 

ქარელის რაიონში ყველაზე მაღალ ,,რეიტინგული" პრობლემა ძამის ხეობაში, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზა (71 ქულა) აღმოჩნდა. ქულებში გათვალისწინებულ იქნა გზით მოსარგებლე მოსახლეობის რაოდენობა, ასევე სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან სიახლოვე და, რაც ყველაზე საინტერესოა, გენდერული საჭიროება. ეს უკანასკნელი იმას ნიშნავს, რომ მოსარგებლეთა შორის, გარკვეული პროცენტი ქალებს უკავია. 

  

ქარელის გამგებელმა 4 მლნ 800 ათასი ლარის ფარგლებში სამი დიდი პროექტი შეადგინა. პირველი ესაა, როგორც აღვნიშნეთ, ყინწვისის (ძამის ხეობის) გზის მოასფალტება, მეორე ადგილზე (69 ქულა) ბებნისი-შოთას წყარომდე მისასვლელი გზის მოწესრიგება გავიდა, ხოლო მას დირბის გზა მოჰყვება. ეს სამუშაოები 2015-2017 წლებში უნდა განხორციელდეს. პირველ ჯერზე ის სამუშაოები დაიწყება, რომლის სარეიტინგო ქულა უფრო მაღალია. ამ შემთხვევაში - ყინწვისის გზა.

 

რაც შეეხება ხაშურის რაიონს, ამ რაიონის გამგებელმა თანხა 13 პროექტზე გაწერა. ყველაზე მაღალი ქულა (69) მდინარე სურამულას კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოების აუცილებლობამ მიიღო. დანარჩენი - საბავშო ბაღების რემონტს და ხაშურის სხვადასხვა უბნებში მოასფალტების და საკანალიზაციო სისტემების სამუშაოებს ხვდა წილად.  მომავალი სამი წლის განმავლობაში ჯერ ის სამუშაოები დაიწყება, რომელმაც რისკფაქტორებში ყველაზე მაღალი ქულა, (ამ შემთხვევაში სურამულას კალაპოტმა) დაიმსახურა.

 

გუბერნატორთან გამართული შეხვედრა, სწორედ, GIZ-ის სტანდარტების მიხედვით გათვალისწინებული საკითხების განხილვით წარიმართა. აღმოჩნდა, რომ ხაშურის გამგებლის შედგენილ პროექტებში მონაცემები, რამდენიმეგან შეცდომით იყო დაფიქსირებული. ,,ყურადღება მიაქციე რა შენს სპეციალისტებს" - უთხრა გუბერნატორმა ხაშურის გამგებელს.

 

საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები (მოადგილეები) და გუბერნატორის მოადგილეები შედიან. პროექტების მომზადებისას ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გამგებლებს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილი თემატური ჯგუფები უწევდნენ კონსულტაციას.

 

,,არ იფიქროთ, რომ შიდა ქართლში, მხოლოდ, ეს პროექტები ხორციელდება. ეს კონკრეტულად რეგიონალური განვითარების ფონდის თანხებს ეხება" - გვითხრა გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა.

 

რაც შეეხება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს, 2015 წლიდან მათ პროგრამულად გაწერილი ბიუჯეტების შედგენის ვალდებულება აქვთ, აქამდე ეს კეთილი ნება იყო. ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ამჟამად 30 გვერდიანია. რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები ასევე კიდევ ერთი ფონდიდან, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ხორციელდება.

 

იხილეთ ქარელისა და ხაშურის გამგებლების მიერ წარმოადგენილი პროექტების შესახებ ვიდეო

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები