ახალი ამბები
ლაშა შავდათუაშვილი: ,,კარალეთის ტურნირი ჩემი ინიციატივით ჩატარდა, პრიზებიც მე გავათამაშე"
საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გუშინ, 12 ოქტომბერს, სოფელ კარალეთში ქართული ჭიდაობის ტურნირს დაესწრო. ამის ამსახველი ფოტოები სააგენტო Qartlsport.ge-ზე გამოქვეყნდა. სააგენტოს ცნობით, ტურნირი ამავე სოფლის მკვიდრის, ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის ინიციატივით გაიმართა.

ჯერ კიდევ 11 ოქტომბერს, Qartlsport.ge-მ დაანონსა, რომ 12 ოქტომბერს 18 საათზე კარალეთში, ლაშა შავდათუაშვილის ინიციატივით, საჭიდაო ტურნირი გაიმართებოდა.

ლაშა შავდათუაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას აცხადებს, რომ ტურნირის საორგანიზაციო საკითხები მთლიანად მან, საკუთარი სახსრებით, მოაგვარა.

,,ტურნირი მე ჩავატარე. როგორც სპორტსმენს, მინდოდა აბსოლუტურ წონაში ჩამეტარებინა. პრიზებიც მეც გავათამაშე. სტუმრები პერსონალურად არავინ მომიწვევია. ვინც მოვიდა, თავად მოვიდა" - ამბობს ლაშა შავდათუაშვილი.

გამარჯვებულებს და პრიზიორებს ფულადი ჯილდოები, თასები და მედლები გადაეცათ. შეჯიბრებაში ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის ფალავნებმა მიიღეს მონაწილეობა.

გამარჯვებული გახდა საქართველოს აბსოლუტური ფალავნობის ორგზის გამარჯვებული პაატა ღვინიაშვილი (ქარელი). ფინალში მან გორელი გიორგი პაპუნაშვილი დაამარცხა. მესამე ადგილზე ბექა ბერძენიშვილი (კასპი) გავიდა.

შეჯიბრებას ესწრებოდა არაერთი ტიტულოვანი სპორტსმენი, ოლმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები ძიუდოში, სამბოსა და თავისუფალ ჭიდაობაში.

ტურნირს ესწრებოდნენ აგრეთვე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, შიდა ქართლის რეგიონის, გორის მუნიციპალიტეტის და საკრებულოს ხელმძღვანელები
.



Print

სტატიის გამოყენების პირობები