ახალი ამბები
ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 558 437 პოტენციური ამომრჩეველია
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 558 437 პოტენციური ამომრჩეველია. აღნიშნულ სიაში არიან, როგორც საქართველოში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ასევე, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები.

დღეს, იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ ცესკოში გამართულ შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას და მის მოადგილეს, გიორგი შარაბიძეს მიმდინარე წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა.

პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა სია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაზუსტდა და დაიხვეწა.

მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, “საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემები წელიწადში ოთხჯერ, ხოლო საარჩევნო პერიოდში – მოთხოვნის შესაბამისად გადასცეს.

მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით და იმ მოქალაქეთა უფლებების დასაცავად, რომელთაც საარჩევნო სიაში მოხვედრის პრობლემა ჰქონდათ, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, მიმდინარე წლის 1 მარტიდან პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გამოცხადდა. აქცია 2019 წლის 1 იანვრამდე გრძელდება. ბრძანების თანახმად, გარკვეული კატეგორიის პირები მოწმობის მიღებისას თავისუფლდებიან, როგორც დოკუმენტის, ასევე, ფოტოსურათის გადაღებისათვის განსაზღვრული საფასურის გადახდისგან.

აღნიშნული აქციის ფარგლებში, დღემდე, 100 000-მდე მოქალაქემ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უსასყიდლოდ აიღო და შესაბამისად, ისინი შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

იუსტიციის სამინისტრო პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის დასახვეწად და დასაზუსტებლად 2013 წლიდან მუშაობს. 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა კი უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. „კარუსელს“.

სააგენტოს მონაცემთა ბაზის სრულყოფისთვის, 2013-2018 წლებში საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საარჩევნო სიიდან 8000-მდე გარდაცვლილი პირის მონაცემია ამოღებული
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები