ახალი ამბები
გორის საკრებულოს აპარატის უფროსი საოლქო კომისიაში გაამართლეს
გორის საკრებულოს აპარატის უფროსი ზაქარია ნასყიდაშვილი საოლქო კომისიამ გაამართლა. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა 11 ოქტომბერს მიიღეს.

კომისიის თავმჯდომარის მალხაზ მირუაშვილის განცხადებით, ზაქარია ნასყიდაშვილმა სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის გახსნის ვიდეო მობილური ტელეფონით გააზიარა. კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ქმედებაში არ იკვეთება სამართალდარღვევის ნიშნები, რადგან ზაქარია ნასყიდაშვილმა კლიპი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით ან სხვა რესურსით არ გაუვრცელებია.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლები გორის საკრებულოს აპარატის უფროსის, ზაქარია ნასყიდაშვილის დაჯარიმებას (2 ათასი ლარის ოდენობით ) ითხოვდნენ.

საჩივრის მიხედვით, საკრებულოს აპარატის უფროსის, ზაქარია ნასყიდაშვილის სახელით მოქმედ პროფილზე, 2018 წლის 17 სექტემბერს, სამუშაო საათებში, სალომე ზურაბიშვილის შტაბის გახსნის ამსახველი ვიდეო გაზიარდა. დამკვირვებლების ცნობით, საარჩევნო კოდექსი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღებას უკრძალავს.

ზაქარია ნასყიდაშვილი ადასტურებს, რომ მან კლიპი მართლაც გააზიარა, თუმცა მოწოდება არ გაუკეთებია. ,,კი, ჩემი პროფილით გავაზიარე, თუმცა მოწოდება არ გამიკეთებია" - აცხადებს ნასყიდაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები