ახალი ამბები
ქალები სოფლად
83 წლის ირინე ქარელი სოფელ ტირძნისში ცხოვრობს. ამბობს, რომ მისთვის დღეები ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდება და ასე გრძელდება წლების განმავლობაში. ასაკის მიუხედავად, საოჯახო საქმეებთან ერთად თავს სოფლის მეურნეობასაც კარგად ართმევს და ფიქრობს, რომ სოფელში ქალის შრომის გარეშე ოჯახი ვერ განვითარდება.

“დილით ავდგები, საჭმელს მოვამზადებ, სახლს დავალაგებ. შემდეგ ეზოში გავდივარ, ნაკვეთი მაქვს, ვუვლი, მოსავალი მომყავს. ხან ვთოხნი, ხან ვმარგლი. ბოსტნეული მაქვს, კიტრი, პამიდორი, სიმინდი, ყველაფერი მაქვს ბაღში. რომ არ მოვუარო, არაფერი გვექნება. არ შემიძლია უსაქმოდ, აი, რომ გავიდე და ქალებთან დავჯდე და ვიჭორაო. კარგად არა ვარ, მაგრამ მაინც ვშრომობ“,-ამბობს ირინე ხმიადაშვილი.

კარალეთში მცხოვრები 52 წლის ქეთევან მელაძე მასწავლებლობაზე ოცნებობდა, თუმცა ამბობს, რომ დღევანდელმა ცხოვრებამ სხვა რეალობა შესთავაზა და ფიზიკური შრომისა და დათვირთვის ფონზე ცდილობს ამ გამოწვევებს შეძლებისდაგვარად მომზადებული შეხვდეს. ამჟამად ის მესაქონლეობითაა დაკავებული და როგოც თავად განმარტავს, ოჯახის ძირითადი შემოსავალიც სწორედ ამ სფეროზეა დამოკიდებული.

“ძროხებს ვუვლი, საძოვრიდან რომ მოდიან, უნდა მოვწველო, შემდეგ საშინაო საქმეებს მივხედავ. ჩვენ ბავშობა სულ სხვა რამეს გვპირდებოდა, თითქოს რაღაც პერსპექტივები ჩანდა, მაშინ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, სულ სხვა რამის მოლოდინი გვქონდა, მაგრამ დღევანდელმა ცხოვრებამ სულ სხვა რაღაცები შემოგვთავაზა და ვცდილობთ, რომ გავუმკლავდეთ. „-ამბობს ის.

სოფლად მცხოვრები ქალების დღეს მსოფლიო 15 ოქტომბერს აღნიშნავს. ეს თარიღი 2008 წლიდან გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა რომელიც მიზნად სოფლის მეურნოებაში და სიღარიბის დაძლევაში ქალების მნიშვნელოვანი წვლილის წარმოჩენას ისახავს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები