ახალი ამბები
გორის მერის იურისტი: ,, საიმპიჩმენტო პროცედურები არ დაიწყება“
გორის მერის იურისტი ზაზა მათოშვილი ამბობს, რომ ერთი კაცის გადასაწყვეტი არაა მერის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება. მისი თქმით, ,,ენმ“-ს წარმომადგენლების სიხარული ნაადრევია, რადგან, საკითხის ინიცირებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა მათ არ გააჩნიათ.

ზაზა მათოშვილი მერის ინტერესებს იმ სასამართლო სხდომებზე იცავდა, რომელიც 2018 წლის ზაფხულიდან დღემდე მიმდინარეობდა. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა, დღეს, 17 ოქტომბერს, გააუქმა გორის საკრებულოს სამანდატო საპროცედურო კომისიის ოქმის ჩანაწერი, რომლის მიხედვით მერის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებაზე, უარყოფითი დასკვნა იყო გაცემული.

ზაზა მათოშვილი განმარტავს, რომ მოსამართლემ სამანდატო საპროცედურო კომისიას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი დაუწუნა. მისი აზრით, კომისიას უნდა ემსჯელა შემდეგნარიად:

,,იმისათვის, რომ დაიწყოს მერის საიმპიჩმენტო პროცედურები, ამისათვის, საკრებულოს სამანდატო საპროცედურო კომისიას უნდა მიმართოს, ამ შემთხვევაში, 21-მა დეპუტატმა. ან კიდევ, ამომრჩეველთა 20-მა პროცენტმა, რაც არ გაუკეთებიათ. მიმართვას კი, უნდა ჰქონდეს თავისი საფუძველი. ბექა ქორჩილავა აცხადებს, რომ მერმა დაარღვია კანონი, რადგან თანამდებობაზე არჩევიდან 10 დღეში ერთ-ერთ კომპანიაში წილი არ გადააფორმაო. ამ შემთხვევაში, ამ ფაქტის დადგენა არ შედის საკრებულოს კომპეტენციაში. ეს უნდა დაადგინოს საჯარო სამსახურის ბიურომ. თუკი საჯარო სამსახურის ბიურო დაადგენს, რომ მერის მხრიდან ადგილი ჰქონდა თანამდებობრივ შეუთავსებლობას, ეს დოკუმენტი იმპიჩმენტის დაწყების მოთხოვნის საფუძველი, მართლაც, შეიძლება გახდეს. მაგრამ არც ამ შემთხვევაშია საკმარისი ერთი კაცის ხმა.“ - განმარტავს ზაზამათოშვილი.

მისი თქმით, მოსამართლემ, დღეს, დაავალა საკრებულოს, რათა სამანდატო საპროცედურო კომისიის დასკვნა, უარის თუ თანხმობის შესახებ, დაიწეროს დასაბუთებულად.

,,საჯარო სამსახურის ბიუროს შეუძლია დააჯარიმოს მერი ან გააფრთხილოს თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბექა ქორჩილავამ მოითხოვოს მერის გადაყენება. კიდევ ვიმეორემ, მერის გადაყენების მოთხოვნით, საკრებულოს სამანდატო საპროცედურო კომისიას უნდა მიმართოს მინიმუმ 21-მა დეპუტატმა ან კიდევ ამომრჩეველთა 20%-მა“ - განმარტავს ზაზა მათოშვილი.

საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, რომ ,,ენმ“-ს წევრები ეწევიან იაფფასიან ტრიუკებს. იგი დარწმუნებულია, რომ 40-კაციან საკრებულოში ამ ინიცირებით მათ მხარს არავინ დაუჭერს.

,,დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მერს მხარს 32 დეპუტატი უჭერს. აქედან გამომდინარე, მერის საიმპიჩმენტო პროცედურები არ დაიწყება. ასევე, თუ შეძლებს ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველთა 20%-ის ხელმოწერების შეგროვებას, ამასაც ვნახავთ. 20 000 მოქალაქის ხელმოწერა ჭირდებათ, ამას ეგენი ვერ შეაგროვებენ“- აცხადებს დავით რაზმაძე.

დღეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ბექა ქორჩილავამ განაცხადა, რომ სასამართლომ მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება და გორის მერი ,,დამნაშავედ სცნო“
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები