ახალი ამბები
კარალეთში ქალთა შრომის ამსახველი ფოტოების გამოფენა მოეწყო
21 წლის ლიკა კასრაძე გამოფენაზე ერგნეთიდან ჩავიდა. კარალეთის სათემო ცენტრში მან საკუთარი ნამუშევრები წარადგინა, რომელსაც როგორც თავად ამბობს დღის მეორე ნახევარში, სამსახურის შემდეგ სახლში დაბრუნებისას ამზადებს. გამოფენაში მან მონაწილეობა პირველად მიიღო, ამბობს, რომ სოფელში ბევრი ხელმარჯვე და ნიჭიერი ახალგაზრდაა, თუმცა მათ საკუთარი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის ჩვენების საშუალება ნაკლებად აქვთ.

ლიკასთან ერთად გამოფენაზე საკუთარი ნამუშევრები გარეჯვრისა და კარალეთის ახალგაზრდებმაც მიიტანეს. გამოფენის პარალელურად დარბაზში ქალთა შრომის ამსახველი ფოტოებიც გამოიფინა. პარალელურად, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ის ვიდეო რგოლიც ენახა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მცხოვრები ქალების ყოველდღიურობას ეხმიანება.

ღონისძიებას ადგილობრივი და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანები ესწრებოდნენ. სოფლად მცხოვრები ქალების როლზე ისაუბრა მერის წარმომადგენელმა კარალეთში იოსებ ჩალაურმა. მაგალითად კი გარდაცვლილი მეუღლის ისტორია გაიხსენა, რომელმაც ცხოვრება თბილისიდან კარალეთში გააგრძელა.

„ისეთი მშრომელი იყო, არ მეგონა რომ რამდენიმე თვეში შეძლებდა იმდენს, რამდენიც შეიძლება ქალმა 5 - წლის განმავლობაში შეძლოს. ქალი რომელიც თბილისში, სასამართლ;ოში მუშაობდა და კვირაში ორჯერ მაინც სალონში იჯდა ამდენ საქმეს შეძლებდა სოფელში“-აღნიშნა იოსებ ჩალაურმა.

ღონისძიება სათემო ცენტრში კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის ორგანიზებითა და „ქალთა ფონდის“ მხარდაჭერით გაიმართა. მომავალი თვისთვის ეს ორგანიზაცია 2019 წლის კალენდარსაც გამოუშვებს, რომელზეც გორის მუნიციპალიტეტის 12 აქტიური ქალის მოკლე ისტორია და ფოტოები იქნება დატანილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები