ახალი ამბები
სასულიერო პირმა ვარიანში მრავალშვილიან ოჯახს მიწები გადასცა

 

 

გენადი და ხათუნა ზუბაშვილებს ამჟამად 5 შვილი ჰყავთ. სიდუხჭირის და საკვების სიმცირის გამო კი მანამდე 3 მცირეწლოვანი შვილი გარდაეცვალათ. ბოლო ასეთი ტრაგიკული ფაქტი ამ ოჯახში 2009 წელს მოხდა.

 

,,დღეს სწორედ ამ ოჯახში გადავწყვიტე მისვლა. გახსოვთ, ამათი ტრაგედია მაშინ. ამ ამბის გახმაურების გამო სერიოზული წინააღმდეგობები შეგვხვდა იმ დროს, დამიპირისპირეს ხალხი, მაგრამ დღეს ამას არა აქვს მნიშვნელობა. სრულიად უსასყიდლოდ იმ მიწებს გადავცემ, რომელსაც მე ამ სოფელში ვფლობ. - გვითხრა მამა გრიგოლმა. 

 

,,დილით დაგვირეკა მამაომ, მოგვიკითხა. წაიყვანა ბავშვები გორში, ნაძვის ხე,  სათამაშოები, ტკბილეული და პროდუქტი უყიდა. დიდი ხანია ისედაც დიდ ყურადღებას გვაქცევს. თუ რამე დაგვჭირდება, ყოველთვის გვერდით გვიდგას. მედიკამენტები თუ დამჭირდება ბავშვებისთვის, აუცილებლად მეხმარება. ხშირად ნისიად თუ რამე წამოგვიღია მაღაზიიდან ან აფთიაქიდან რამე, მერე გვეუბნებიან, რომ თქვენი ვალი მამაომ გადაიხადაო" - აცხადებენ ოჯახის წევრები.

 

ამჟამად, ზუბაშვილები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას იღებენ. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის წელიწადში ერთხელ გათვალისწინებულ თანხასაც აძლევენ. რამდენიმე დღის წინ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეკომენდაციით მაცივარი და გაზქურა მიუტანეს.  ოჯახისთვის ძირითადი სარგო მაინც სოფლის მიწების დამუშავებისას მოწეული მოსავალია.

 

,,ეს თანხები მაინც საკმარისი არაა მრავალშვილიანი ოჯახისთვის. ტანსაცმელს, გადასახადებს მიაქვს ფული. წელს მამა გრიგოლის მიწა დავამუშავეთ და კარტოფილი მოვიყვანეთ" - ამბობს ბავშვების დედა ხათუნა ზუბაშვილი.

 

მამა გრიგოლს სოფელში 10 ჰა-ზე მეტი მიწა აქვს. სასულიერო პირი ამბობს, რომ სოფელში კიდევ რამდენიმე ასეთი ოჯახია და მზადაა დანარჩენი მიწაც მათ დაუთმოს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები