ახალი ამბები
ერგნეთში IPRM-ის შეხვედრების აღდგენის პერსპექტივებს განიხილავენ
ამ წუთებში ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების შესახებ არსებულ საკითხებზე მსჯელობენ. შეხვედრა ორგანიზაციის „თანხმობა“ ოფისში მიმდინარეობს, რომელსაც ადგილზე საკრებულოს წევრი ლია ჩლაჩიძე მასპინძლობს.

შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წევრები და სუსის თანამშრომლები ესწრებიან. თბილისიდან ადგილზე ჩასული უწყებების წარმომადგენლები ადგოლობრივ მაცხოვრებლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს აცნობენ თუ რა პერსპექტივები არსებობს აღნიშნული ფორმატის შეხვედრების აღდგენაზე, რა ეტაპზეა ეს პროცესი და რამდენად მნიშვნელოვანია კონლიქტის ზონაში აღნიშნული შეხვედრების პერიოდულად მოწყობა. ამ წუთებში სტუმრები ადგილობრივების შეკითხვებს პასუხობენ.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით დაიგეგმა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ 2018-2020 წლების ეროვნული სამთავრობო გეგმის მიხედვით აღებული ვალდებულებების შესრულების ფარგლებში.

IPRM-ის ბოლო შეხვედრა ერგნეთში მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ჩაიშალა, მას შემდეგ მხარეები ე.წ. ნეიტრალურ ზონაში აღარ შეკრებილან.რიგით 89-ე შეხვედრაზე, ერგნეთის სხდომის დატოვებამდე ოსურმა დელეგაციამ მოითხოვა დღის წესრიგიდან ამოეღოთ დავით ბაშარულის და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი, რაზეც ქართული მხრიდან კატეგორიული უარი მიიღო
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები