ახალი ამბები
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი ჯამბულათ თედეევი მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებულ წითელ ბარათს ასაჩივრებს
რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯამბულატ თედეევმა ბუდაპეშტში, თავისუფალი სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული წითელი ბარათი გაასაჩივრა.

61 კგ წონით კატეგორიაში, რუს ჰაჯიმურატ რაშიდოვსა და კუბელ იოვლის ბონე როდრიგესს შორის ფინალური ორთაბრძოლისას, თედეევი ხალიჩაზე გადავიდა მსაჯებთან კამათში ჩაერთო. ამის გამო, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა ჯერ ყვითელი, შემდეგ კი წითელი ბარათი მიიღო. დაპირისპირება საბოლოოს კუბელი მოჭიდავის გამარჯვებით, 6:5 დასრულდა.

„რაშიდოვის მოწინააღმდეგე, კუბელი, სამი წუთის განმავლობაში პასიურ ბრძოლას აჩვენებდა და ამისთვის არ დასჯილა. შეჯიბრის დასასრულს ბონე ორი ფეხით გამოვიდა ხალიჩაზე, მაგრამ მსაჯებს არ შეუჩერებიათ. ვაჭერდი „ჩელენჯს“, მაგრამ ღილაკმა არ იმუშავა. რა უნდა მექნა? გადავედი იმის სათქმელად, რომ „ჩელენჯს“ ვაჭერდი“, - ამბობს თედეევი.

„ხომ გესმით, მე მთავარი მწვრთნელი ვარ. როდესაც რუსეთის ნაკრების მებრძოლებს უსამართლოდ ექცევიან, სწორედ მე უნდა ვიყო პირველი ვინც ამას გააპროტესტებს. დიახ, მე მინდოდა, რომ ჩვენ გვყოლოდა ჩემპიონი, თუმცა ხალიჩაზე მხოლოდ იმიტომ გადავედი რომ უსამართლობა ვერ ავიტანე. ჩვენ გავასაჩივრეთ უკვე ეს ჯარიმა და იმედი მაქვს შეზღუდვა მხოლოდ ერთდღიანი იქნება“.

თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი ბუდაპეშტში 20 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდება.

ნახეთ ასევე: 

გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა

Print

სტატიის გამოყენების პირობები