ახალი ამბები
,,IPRM-ის ფორმატის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე"
IPRM-ის ფორმატის შეხვედრები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე. ამის შესახებ გუშინ ერგნეთში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

რამდენიმესაათიანი დისკუსია მოსახლეობისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირებულობას ისახავდა მიზნად.

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს, გაეროს ქალთა ორგანიზაციას და სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM) 2018 წლის განმავლობაში ჩატარებულ შეხვედრების შესახებ, იმსჯელეს და ხაზი გაუსვეს მისი შეუფერხებლად გაგრძელების აუცილებლობას.

„მსგავსი შეხვედრები პერიოდულად ტარდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ ადამიანებს ინფორმაცია მივაწოდეთ IPRM-ს მიმდინარეობის შესახებ -თუ რა ეტაპზე ვართ და რა საკითხები განიხილება ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით. მათ ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი,“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ზვიადაძემ.

უწყებების ცნობით, ქართული მხარე ყველანაირად ცდილობს IPRM -ის შეხვედრები აღდგეს ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე, რადგან ეს საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად მოსახლეობის ინტერესებში შედის.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი საქმიანობით აღნიშნული პროექტი უკვე ორი წელია მიმდინარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები