ახალი ამბები
გორში ტურისტული ობიექტების მანიშნებელი ბანერები დაამონტაჟეს
გორის რამდენიმე უბანში ახალი ბანერები გამოჩნდა, რომელიც ისტორიული ადგილების მიმართულებას მიუთითებს.

მერიაში განმარტავენ, რომ ტურისტული ობიექტების მანიშნებელი ბანერები, ჩამოსულ ტურისტებს გეზის განსაზღვრაში დაეხმარება.

ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის, რობერტ მაღლაკელიძის განმარტებით, სამისამართო ბანერების არარსებობის პრობლემას თავად ტურისტები აყენებდნენ იმ გამოკითხვის დროს, რასაც აღნიშნული სამსახური აწარმოებს. ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, სამომავლოდ ქალაქის სხვადასხვა დასახლებაში იგეგმება მსგავსი ბანერების დამონტაჟება.

ტურიზმის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში 400 000-მდე ტურისტი შემოვიდა, მათი უმრავლესობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაა. ყველაზე მეტი ვიზიტორი კი სტალინის სახლ-მუზეუმს და უფლისციხეს ჰყავს.

"ტურისტები, აღნიშნული ბანერების დამონტაჟებასთან ერთად, ითხოვდნენ მასზე საერთაშორისო ენის გამოყენებას, ასევე არსებობდეს საზოგადოებრივი საპირფარეშოები გორში და არსებობდეს ღამის ქალაქიც, რადგან ისინი მუდმივად წუხან იმაზე, რომ საღამოს საათებში ქალაქში არანაირი გასართობი დაწესებულება და ტრანსპორტიც კი არ არსებობს. ამ ყველაფერზე მიწერილი გვაქვს მერიასთან და ველოდებით რეაგირებას"-განმარტავს რობერტ მაღლაკელიძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები