ახალი ამბები
ენერგეტიკის მინისტრი და ყარაფილელები

 

6 იანვარს ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი და კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზის’’ წარმომადგენლები გამყოფ ხაზთან მდებარე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრნენ.

 

ცერემონია სოფლის შესასვლელში გაიმართა. ჩირაღდანი ოფიციალურმა პირებმა ერთობლივად აანთეს. კახი კალაძეს ერთ-ერთმა ადგილობრივმა, სამცხე-ჯავახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩასახლებულმა, მადლობები და თხოვნები წერილობით წაუკითხა.

 

 
კასპის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი: ვაკე, ახალშენი, გორაკა, ხვითი, თვაურები, ყარაფილა, სარიბარი, ზადიაანთკარი, საკორინთლო და პანტიანი ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის მოეწყო 37 კილომეტრამდე საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი, თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი აირის აღრიცხვის კვანძი, რის შემდეგაც აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები 648 ოჯახი ბუნებრივ აირს მოიხმარს.


საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირების სახელმწიფო პროექტი 2014 წელს დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მლნ. ლარი გამოიყო. გაზიფიცირების სამუშაოები ტარდება გორის, ქარელის, კასპის, ხაშურისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 58 სოფელში. სოფლების სრული გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და 58 სოფლის 13,000 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს.
სოფლების მოსახლეობას სახლებში ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ. გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ახორციელებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები