ახალი ამბები
9-წლის ნანიკო ბერიაშვილს დღეს დაკრძალავენ
9-წლის ნანიკო ბერიაშვილს, რომელიც 2018 წლის 25 ოქტომბერს მოკლეს, გორში, დღეს დაკრძალავენ. ცხედარი წმინდაწყალზე, წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში გუშინ გადაასვენეს.

ეკლესიის მოძღვარმა მამა გედეონმა სამოქალაქო პანაშვიდი გუშინ საღამოს გადაიხადა. 

დღეს, დილიდან, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში უამრავი ადამიანი იკრიბება. ეკლესიაში მივიდა მეუფე ანდრია, ასევე, იქ იმყოფება შს მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე. გამოსვენების პროცესს ესწრება გორის მერი კოტე თავზარაშვილი და მოადგილე ეკა სუხიშვილი.

გარდაცვლილი ბავშვის პაპის ძმა, ხვიჩა ბერიაშვილი ამბობს, რომ ყურადღებით აკვირდებიან მკვლელობის გამო, დაკავებულის სასამართლო პროცესს და გამოძიებას.

25 ოქტომბერს 9-წლის ნანიკო ბერიაშვილი ცეკვაზე არ მისულა. მისი ძებნა ახლობლებმა 17 საათზე დაიწყეს. პოლიციამ საღამოს 10 საათისთვის გარდაცვლილი იპოვა მდინარე ლიახვის სანაპიროზე.

იმავე ღამეს, მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.




Print

სტატიის გამოყენების პირობები