ახალი ამბები
წაღვლში გენდერისა და ოჯახური ძალადობის თემებზე შეხვედრა გაიმართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამყოფი ხაზისპირა სოფელ წაღვლის საჯარო სკოლაში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც სკოლის პედაგოგები, ადგილობრივი მოსახლეობა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დამსწრე საზოგადოებას გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგისა და მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. დეტალურად ისაუბრეს ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელთაც სახელმწიფო ძალადობით დაზარალებულ ადამიანებს სთავაზობს.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობმა თითოეულ კითხვას ამომწურავად უპასუხეს.

საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 10 აპრილს დაამტკიცა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები