ახალი ამბები
სკრის დევნილთა დასახლებაში დევნილ ქალებსა და გოგონებს ტრენინგი ჩაუტარეს
სკრის დევნილთა დასახლების სკვერში, დევნილი ქალებისა და გოგონების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უფროსი თაობის წამომადგენლები საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებდნენ და განმარტავდნენ, რომ ქალს ოჯახში ადრეული პერიოდიდანვე განსაკუთრებული ადგილი ეკავა, თუმცა მისი უფლებები დღემდე ხშირად ირღვევა, ახალგაზრდების აზრით, ამის მიზეზი ცნობიერების დაბალ დონეს უკავშირდება.

კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრმა, დევნილ ქალებთან და მოზარდებთან სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ,  ქალთა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები ჩაიყვანა. ქალთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეებმა ის შემთხვევები გაიხსენეს, რა დროსაც ძალადობის მსხვერპლი ოჯახსა თუ სკოლაში  გამხდარან.

შეხვედრის ორგანიზატორებმა მათ ინფრომაცია მიაწოდეს არსებული დამცავი მექანიზმისა და პრევენციის შესახებ. უფროსი თაობის წარმომადგენლების განცხადებით ადრე გაცილებით სხვა მენტალიტეტი არსებობდა და ოჯახიდან დეტალების გახმაურება არ იყო მიზანშეწონილი, რასაც ახალგაზრდები არ დაეთანხმნენ.

შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა, რომელსაც 15-მდე დევნილი დაესწრო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქალთა უფლებების ადრეული ასაკიდანვე ცოდნა მომავალში უფრო ნაკლები პრობლემის გაჩენის წინაპირობაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები