ახალი ამბები
,,ვიკრიბებით იმისთვის, რომ ოქრუაშვილმა არ გაიმარჯვოს" - დახურული შეხვედრა გუბერნატორთან
დღეს, გორში, სამხარეო ადმინისტრაციისა და გორის მერიის შენობაში გუბერნატორმა დახურული შეხვედრა საკრებულოს წევრებთან გამართა. ამის ამსახველი ვიდეომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.

არასამუშაო დღეს ადმინისტრაციულ შენობაში შეკრება საარჩევნო თემატიკას შეეხო.

როგორც შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ, დახურულ კარს მიღმა საუბარი, საკრებულოს წევრების, გორის მერისა და გუბერნატორს შორის, დღეს დაიგეგმა. სააქტო დარბაზში მივიდა გორის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტარი იოსებ მაკრახიძეც.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ შეხვედრის მიზანი საარჩევნო თემატიკას რა თქმა უნდა არ ასცდება. ,,ოქრუაშვილმა რომ არ გაიმარჯვოს, იმიტომ შევიკრიბეთ" - გვითხრა დავით რაზმაძემ ნახევრად ხუმრობით.

გუშინ ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ სახლში საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. ვაშაძემ შიდა ქართლში მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშილი საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა. ოქრუაშვილის თქმით, პიროვნული წყენა ყველამ უნდა დაივიწყოს, რათა მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებას ჩამოცილდეს. ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ყოფილი წევრებს შორის გორში ნაწილი ,,ოცნებაშია", ნაწილი კი, აღარ ჩანს.

მმართველ პარტიის შტაბს გორში მერი კოტე თავზარაშვილი ხელმძღვანელობს. არაოფიციალურ ინფორმაციას თავზარაშვილის სავარაუდო გადადგომის შესახებ საკრებულოს წევრები არ ადასტურებენ. შინდისის თემის წარმომადგენელი ზურაბ ყაჯრიშვილი აცხადებს, რომ ეს არ მოხდება. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, რომ საკრებულოს წევრებს შორის მერის გადადგომის თაობაზე საკითხი არ დგას.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები