ახალი ამბები
გორში აქცია გაიმართა ოჯახისთვის ვიდეომასალის გაცნობის შემდეგ
გორის ცენტრში საღამოს გამართული აქცია სასულიერო პირების თხოვნის შემდეგ, დაიშალა. გარდაცვლილი გოგონას მამამ, მიშა ბერიაშვილმა განაცხადა, რომ მოძღვრის თხოვნას ითვალისწინებს, თუმცა იმ აზრზე რჩება, რომ დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს.

ბერიაშვილებისთვის 5 ნოემბერი კიდევ ერთი ტრაგიკული დღე აღმოჩნდა. მათ შს შიდა ქართლის სამმართველოში ის ვიდეომასალა ნახეს, რომელიც ბრალდებულის ტელეფონში ინახებოდა. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მიშა ბერიაშვილი და მისი ბიძა, ხვიჩა ბერიაშვილი ადვოკატთან ერთად, ვიდეომასალის არსებობაში დარწმუნდნენ.

პოლიციიდან გამოსული ოჯახის წევრები, ასევე ახლობლები და მეზობლები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ. იყო დაკავებულის გადმოცემის მოთხოვნაც. ამას ითხოვდა მოქალაქეთა ნაწილიც, რომლებიც აქციას თანდათან უერთდებოდნენ.

მოთხოვნები იმდენად მკაცრი იყო, რომ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მოძღვარმა გარდაცვლილი გოგონას მამასთან შეხვედრა ითხოვა. ამის შემდეგ, მიშა ბერიშვილმა ქალაქის ცენტრში შეკრებილ ხალხს სთხოვა, რომ ეკლესიის მოთხოვნა გაეთვალისწინებინათ: ,,მე მოვიქცევი ისე, რომ ჩემ შვილს სამოთხეში შევხვდე" - განაცხადა მიშა ბერიაშვილმა.

2018 წლის 25 ოქტომბერს, წმინდაწყალზე, 9-წლის გოგონა გაუჩინარდა, რომელიც შემდეგ მკვდარი იპოვეს. გოგონა ცეკვაზე არ მისულა. პოლიციამ იმავე ღამეს წინასწარი შეცნობით ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით 34-წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავა. გოგონას დაკრძალვის დღეს, შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა, რომ ბრალდებულს მორიგი - 141-ე მუხლით წარუდგინეს ბრალი, რაც არასრულწლოვანთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

დაკავებულს სახაზინო ადვოკატი იცავს, რომელიც ამ ეტაპზე აცხადებს, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. წინასწარი პატიმრობის ვადაში ადვოკატი სხვა დეტალებს არ საუბრობს
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები