ახალი ამბები
გია ვოლსკი 9-წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ნასამართლეობის ისტორიას აქვეყნებს
“რამდენიმე დღეა ოპონენტები მიზანმიმართულად იტყუებიან და ცდილობენ, რომ მოსახლეობა და ოჯახიც შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს და გორში, მცირეწლოვანი გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ამნისტია შეეხო და ციხე ასე დატოვა." - ამის შესახებ პარლამენტარი გია ვოლსკი განცხადებას ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გოგონას მკვლელობამდე, ბრალდებული ორი მუხლით იყო გასამართლებული და მსჯავრდებული.

გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს, 2004 წლის დეკემბერში,  ბრალი მხოლოდ თანხის გამოძალვისთვის წაუყენეს და 3 წელი მიუსაჯეს. 11-წლის მოზარდის გაუჩინარებაში სხვაგვარი მონაწილეობა გამოძიებამ ვერ დაადგინა.

3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, იაგო ნებიერიძე, 2007 წელს გათავისუფლდა. 2008 წლის სექტემბერში იგი ყაჩაღობისთვის და ძარცვის ბრალდებით დააკავეს და  17 წელი და 4 თვე მიუსაჯეს.

2012 წლის დეკემბერში გამოიცა კანონი ამნისტიის შესახებ და იმ პირებს, რომლებიც წარსულში იყვნენ ნასამართლევნი, სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ. ვოლსკის ინფორმაციით, გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით, სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წელი თავისუფლების აღკვეთა.

ამნისტიის აქტის გამოცემის შემდეგ შეიცვალა სასჯელის შეკრებითობის პრიციპი შთანქთქმის პრინციპით. რამდენიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირის პასუხისმგებლობის საკითხი უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დგება.

2013 წლის 1-ლ ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით 10 წელი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

2014 წელს ი.ნ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის დროს, აკრძალული ნივთის უკანონო შეძენა-შენახვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ 378-ე 2 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, დაემატა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა 5 წლით 1 თვით 25 დღით.

საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის დეკემბრის განკარგულებით დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.  საპატიმრო 2018 წლის 9 თებერვალს დატოვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები