ახალი ამბები
,,ძნელი იყო ქალაქიდან გასვლაც კი" - გორიდან 7 ნოემბრის აქციაზე
11-წლის წინანდელ პერიოდს გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე იხსენებს. მისი თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერს, მოქალაქეთა სამაგალითო დასჯა საკუთარ თავზე გამოსცადა და ამ ფაქტს მისი ჯანმრთელობაც შეწირა. გაურკვეველი სითხისგან, რომელიც აქციის წევრების მიმართ გამოიყენეს, მძიმე დამწვრობა მიიღო.

დღეს, საზოგადოების ნაწილმა დედაქალაქში გამართა აქცია ,,ჩვენ გვახსოვს 7 ნოემბერი". გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით საპროტესტო აქციები 2 ნოემბრიდან დაიწყო. ამ აქციებში ოპოზიციონერთა წარმომადგენლები გორიდანაც მონაწილეობდნენ. დავით რაზმაძე ,,რესპუბლიკურ პარტიის" ადგილობრივ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.



რეგიონებში ნიაღბიანი და იარაღიანი პირები იმ აქტივისტებს დასდევდნენ, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.  მათ შორის არიან შალვა ტლაშაძე და იოსებ ბორცვაძე. მათ უცნობი პირები, გორში, აღმაშენებლის გამზირზე დაედევნენ.

გორში მცხოვრები შალვა ტლაშაძე 2007 წლის 2 ნოემბრიდან 5 ნოემბრამდე მონაწილეობდა ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში. 5 ნოემბერს ფროებით დაბრუნდა გორში. 6 ნოემბერს, ღამის 21 საათსა და 10 წუთზე შალვა ტლაშაძე თავის მეგობართან, იოსებ ბორცვაძესთან ერთად მიდიოდა ქალაქ გორში, დავით აღმაშენებლის გამზირზე საკვების საყიდლად.

ამ დროს მათ მიუახლოვდა თეთრი ფერის ,,ნივა,“ საიდანაც გადმოვიდა ორი ნიღბიანი და შავ ქურთუკში ჩაცმული ადამიანი. ტლაშაძემ თავი შეაფარა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ–ერთ სასურსათო მაღაზიას, სადაც იმყოფებოდა სამი პიროვნება. ორი ქალბატონი წარმოადგენდა მაღაზიის პერსონალს, ხოლო მამაკაცი იყო მყიდველი. მყიდველი წინ გადაუდგა მაღაზიაში შესულ ნიღბიანს. ნიღბიანმა დასძლია უცნობი მამაკაცის წინააღმდეგობა, მიუახლოვდა შალვა ტლაშაძეს.

ნიღბიანმა პირმა შალვა ტლაშაძე ძირს დააგდო და სახისა და თავის არეში დაუწყო იარაღის ტარით ცემა. შალვა ტლაშაძე თავზე ხელებს იფარებდა, რის შედეგადაც იარაღის ტარი ხვდებოდა ხელის მაჯასა და მტევანზე. ამის შემდეგ ნიღბიანმა იარაღის ტარი ჩაარტყა კბილებში. შალვა ტლაშაძემ ხელი პირზე აიფარა. ნიღბიანმა იარაღის ტარით ცემა ამჯერად თავის არეში, გამოთავისუფლებულ ადგილას გააგრძელა. შალვა ტლაშაძის ცემამ გასტანა 30–40 წამს. ამ შემთხვევას თვალყურს ადევნებდა მაღაზიის პერსონალის ორი წარმომადგენელი. მყიდველი მამაკაცი შალვა ტლაშაძის ცემის დაწყებამდე მაღაზიიდან გააძევეს. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები