ახალი ამბები
მოსწავლეების უსაფრთხოება სკოლის გარეთ - მშობლები ფსიქოლოგს შეხვდნენ
სკოლის მოსწავლეებთან მშობლებთან და პედაგოგებთან, ფსიქოლოგის შეხვედრას გორში მომხდარი ტრაგედიის განხილვის გარეშე არ ჩაუვლია. მოსწავლეები ამბობდნენ, რომ 9 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტმა მათში შიში და სტრესი გააჩინა. სწორედ მათ დაძლევასთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები მოზარდებს, მშობლები კი ყურადღებას უსაფრთხოებაზე ამახვილებდნენ.

15 წლის მარიამ ავოაინი ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ გაურკვევლობაშია და ფიქრობს, რა გზები და მექანიზმები არსებობს, მსგავსი ფაქტის თავიდან აცილების მიზნით.

მოსწავლეებთან ერთად მომხდარმა ტრაგედიამ უფრო მეტი ყურადღების გამოჩენისკენ უბიძგა მშობლებსაც. ზოია ბიძინაშვილის თქმით, უსაფრთხოების ზომები ხელისუფლებამ სკოლის გარეთაც უნდა გაამკაცროს.

ფსიქოლოგმა ელენე სამუშიამ მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს მუშაობის 10-წლიანი პერიოდი გაუზიარა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდთან შედარებით მოზარდები დღეს გაცილებით სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. ტრენინგის თემა ბულინგსა და ძალადობისგან თავის დაღწევას ეხებოდა, თუმცა მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ფსიქოლოგისგან ინდივიდუალურ შეკითხვებზეც იღებდნენ პასუხებს, რაც ძირითადად მოზარდის უსაფრთხოებასა და სწორი მიმართულებით აღზრდას ეხებოდა.

შეხვედრა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გორის გიორგი მთაწმინდელის სკოლა-ლიცეუმში. ღონისძიების ორგანიზატორი კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრია, რომელმაც აღნიშნული შეხვედრა „ქალთა ფონდის“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მოაწყო. შეხვედრის დასასრულს მშობლები აღნიშნავდნენ, რომ ფსიქოლოგი მოზარდებს რეგულარულად უნდა ხვდებოდეს და მათთვის აქტუალურ საკითხებზე კომპეტენტური პირისგან რჩევებს ისმენდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები