ახალი ამბები
თვალადში ,,ნაციონალების" სახლების წინ ნათურები არ დააყენეს
მაია სიდამონიძე, 2012 წელს, ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამას ადასტურებენ კიდეც. თუმცა,  მან ხვალინდელ შეხვედრისთვის, რომელსაც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე კასპში ატარებს, მხარდამჭერების მობილიზება დღეს ვეღარ შეძლო.

,,ყველა მათგანმა დღეს უარი მითხრა წამოსვლაზე. რა მოხდა ამ ორ დღეში ისეთი, რომ ეს მხარდამჭერები ასე დააშინეს? ამ ყველაფერში ზონის კოორდინატორის, ჟანა თაგვიაშვილის ხელი ურევია. დაიარეს ოჯახებში და გააფრთხილეს" - ამბობს მაია სიდამონიძე.

მისი მტკიცებით, ქართული ოცნების ზონის კოორდინატორი გამოარჩევს მხარდამჭერებს, რადგან შეშის ვაუჩერები, მხოლოდ ,,ოცნების" მხარდამჭერებს მისცეს. კიდევ ერთი არგუმენტი, თუ როგორ იჩაგრება, მისი ინფორმაციით, თვალადელი ნაციონალები, არის ის, რომ გარეგანათების ნათურები, მთავარ ქუჩაზე, მხოლოდ, ოცნების მხარდამჭერების სახლების წინ დაამონტაჟეს.

გადაღების დროს თვალადში კავთისხევის თემის წარმომადგენელი მიხეილ კელაპტრიშვილი და მისი აპარატის სპეციალისტიც ამოვიდა. სოფლის წარმომადგენელსა და მაია სიდამონიძეს შორის კამათი გაიმართა. მაია სიდამონიძე მიხეილ კელაპტრიშვილს უხსნიდა, რომ თვალადში, ზონის კოორდინატორი ჟანა თაგვიაშვილი მოსახლეობას პოლიტიკური ნიშნით არჩევს.

ჟანა თაგვიაშვილი სოფელში არ იმყოფებოდა. ის საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში თათბირზე იმყოფებოდა.

მიხეილ კელაპტრიშვილის თქმით, შეშის ვაუჩერების დარიგება ხუთშაბათს, 15 ნოემბერს დასრულდება, ხოლო იმ სახლების წინ, სადაც გარეგანათების ნათურები არ დაამონტაჟეს თავის დროზე, კასპის მერის გადაწყვეტილებით, მალევე დააყენებენ:

,,გუშინ იყო ამოსული კასპის მერი და ესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი დამთხვევა, რადგან როდესაც გარეგანათების ბოძები დაამონტაჟეს, მაგალითად, კამილას სახლი გამორჩათ. ერთ-ერთი მოქალაქის სახლის წინ, რომელშიც მართლაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ცხოვრობს, გამორჩათ ნათურა." - აცხადებს მიხეილ კელაპტრიშვილი
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები