ახალი ამბები
უფლებამოსილების დაწყებიდან ერთი წლის თავზე გორის მერი ანგარიშით წარსდგება
გორის მერი საჯარო გამოსვლისთვის ემზადება. ეს ინფორმაცია შიდა ქარტლის საინფორმაციო ცენტრს კონსტანტინე თავზარაშვილმა თავად მიაწოდა. მისი განმარტებით, მზადდება შემაჯამებელი მონაცემები, თუ როგორი იყო გორის მუნიციპალიტეტისთვის გასული ერთი წელი. საჯარო შეხვედრა გორის თეატრის შენობაში წლის დასრულებამდე გაიმართება.

"მე თითქმის მზად მაქვს მასალები, ახლა ჩემი თანამშრომლები აჯამებენ მონაცემებს, დეტალებს გავდივართ და თვის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში მოვაწყოფთ დიდ შეხვედრას თეატრის დარბაზში. გასული წელი ძალიან წარმატებული იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, რადგან უამრავი პროექტის განხორციელება მოვახდინეთ, როგორც ქალაქად, ისე სოფლად. გვქონდა ძალიან ბევრი სოციალური პროგრამები. მჭიდროდ ვთანამშრომლობდით არასამტავრობო სექტორთან და თანადაფინანსებით აქაც ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა. არ არსებობს სფერო სადაც ჩვენ წარმატება არ გვქონდეს, რადგან ჩავარდნა არსად არ გვქონია. თანხების ათვისებაც ხდება ძალიან კარგად. ეს ყველაფერი კი ვფიქრობ საბოლოო შედეგზე ძალიან კარგად აისახება. "-აცხადებს გორის მერი.

კონსტანტინე თავზარაშვილი ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებით მიღებულ შედეგებზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ მოლოდინი, რაც თვითმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანისას მმართველი გუნდის მხრიდან, საბიუჯეტო თანხებთან დაკავშირებით ანონსდებოდა - გამართლებულია და ამ მხრივ მერის თქმით, გასული წელი ეფექტური იყო.

"წარმოიდგინეთ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდა, სადაც მანამდე იყო გაორებები. ეს გაორებები აღარ არის. შემცირდა ხალხი და რა თქმა უნდა ამან მოგვცა თავისი ეკონომია და შედეგი."-ამბობს თავზარაშვილი.

კონსტანტინე თავზარაშვილი 2014-2017 წლებში გორის თემის საკრებულოს ხელმძღვანელობდა. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მმართველი გუნდიდან ის გორის მერი გახდა. კონტანტინე თავზარაშვილმა 105 უბნის მონაცემების მიხედვით, 22847 ხმა (54.49%) მიიღო. უფლებამოსილების განხორციელებას კი 2017 წლის 14 ნოემბრიდან შეუდგა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები