ახალი ამბები
გორის მერი: გენგეგმა ქალაქს ქაოსური მშენებლობებისგან დაიცავს
გორის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 2019 წლის გაზაფულზე დასრულდება - ამის შესახებ „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.

როგორც გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორი აცხადებს, გორის გენერალური გეგმა ორეტაპიანია. პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და წინასაპროექტო კვლევა მომზადდა. ამჟამად მეორე ეტაპი დაიწყო და საბოლოო პროექტის კონცეფციის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს.

სალუქვაძის განცხადებით, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მხრიდან, გორის მუნიციპალიტეტთან და სხვადასხვა სახის არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაოები ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს.

„გვინდა, რომ ეს ყველასთან შეთანხმებული თანხმობის დოკუმენტი იყოს. ჩვენ ის ინტერესები მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ, რაც მოსახლეობას და გორის მერიას აქვს, ეს კი კანონმდებლობის მაქსიმალური დაცვით მოხდება. შეთანხმება ქალაქგეგმარებითი განვითარების პრინციპებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.“ - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

დეტალურ ინფორმაციაზე და გორის გენერალური გეგმის რუკებზე „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორი ამ ეტაპზე არ საუბრობს.

„სამომავლოდ ყველაფერს დეტალურად მოგახსენებთ.“ - აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.

გორის მერი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც გორში გენერალური გეგმის არსებობის საჭიროება დადგა. ქალაქის მერი მიიჩნევს, რომ გენერალური გეგმა გორს ქაოსური მშენებლობებისგან დაიცავს.

„ქაოსური მშენებლობების თვალსაზრისით თბილისში ხედავთ როგორი მდგომარეობაა, სწორედ ამის თავიდან ასარიდებლად გორს გენერალური გეგმა სჭირდება. გენერალური გეგმით შესაძლებლობა გვექნება სხვადასხვა სახის მშენებლობები განვავითაროთ და ინვესტორებს სასტუმროს თუ საწარმოს მოსაწყობად მშენებლობებისთვის გამოყოფილ კონკრეტულ ადგილებზე მივუთითოთ.“ - განაცხადა გორის მერმა.

შეგახსენებთ, 2017 წლის სექტემბერში, გორის მთავრობის ინიციატივით, ქალაქის გენერალური გეგმის პროექტის პირველი ეტაპი დაიწო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები