ახალი ამბები
,,ტრაქტორისტების" შეკრება - ,,ბელარუსის გუთნებს ყოველდღე სვარკა ჭირდება"

 

,,სოფლის გამგებლები და საკრებულოს წევრები არ გვეხმარებიან. შარშან მაგალითად ყველაზე მოწესრიგებულად შავშვების ტერიტორიაზე ვიმუშავებთ. დანარჩენ სოფლებში ქაოსი იყო." - განაცხადა კომპანიის გორის სერვისცენტრის ერთ-ერთმა წარმომადგენლმა. (ასეთ შეხვედრებზე სიტყვით გამომსვლელებს მიაჩნიათ, რომ თავის წარმოდგენა ზედმეტია - რედ).

 

,,ამდენს ვმუშაობთ, მაგრამ მადლობას არავინ გეტყვის. გამოხვალ სოფლიდან და მერე დაიწყება თავის ტკივილი. დაიწყება დარეკვები, იმას ის დარჩა მოსახნავი, იმას აქ დარჩა მოსახნავი. სოფლის წარმომადგენელი სოფელში იმიტომაა, რომ ამის ორგანიზება მოახერხოს. მისვლა-მოსვლაში უფრო მეტი საწვავი იხარჯება, ვიდრე სამუშაობის მიმდინარეობისას. მერე როცა დაიწყებ საწვავზე საუბარს, ზევიდან გეტყვიან, რომ აბა რაში დახარჯე ამდენი საწვავი" - ამბობს ,,მექანიზატორის" მენეჯერი.

 

,,მოდით, საწვავზე აქ ნუ ვილაპარაკებთ, ეს ჩვენი შიდა სამზარეულოა" - უთხრა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ,,მექანიზატორის" მენეჯერს. 

 

მამუკა ლომსაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი, აცხადებს, რომ უფასო ხვნა-თესვის ბარათები (მცირე ფერმერებისთვის) 2015 წლის 10 თებერვლიდან დარიგდება. ამიტომ ტრაქტორისტებს სამუშაო გეგმის შემუშავება დაავალა.

 

,,საიდან დავიწყოთ მოხვნები?" - იკითხა ლომსაძემ.

 

,,ჯობია, ბუფერული ზონიდან დავიწყოთ" - უპასუხა ერთმა.

 

,,ეგრე არ გამოვა, საერთოდ წესია, რომ საგაზაფხულო სამუშაოები ზონების მიხედვით ჩატარდეს. არის ზონები, სადაც ადრე თბება, არის ზონები, სადაც ზამთრის სეზონი გვიანობამდე გრძელდება" - განაცხადა საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.

 

როგორც გამოიკვეთა, ზონების მიხედვით გადაადგილება უფრო მეტ საწვავს დახარჯავს, ვიდრე სოფლების თანმიმდევრობით გავლა. მამუკა ლომსაძემ ამ გეგმის შესამუშავებლად ,,მექანიზატორებს" 3 თებერვლამდე მისცა ვადა. ,,ახლა იმიტომ შეგკრიბეთ, რომ ხვალ დილით ამერიკაში მივფრინავთ და 3-ში დავბრუნდებით. კონკრეტული გეგმა უკვე გქონდეთ" - უთხრა ლომსაძემ.

 

კასპის სერვის ცენტრის წარმომადგენლებს სამუშაოების გეგმა უკვე შედგენილი აქვთ. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მისი გადაღება მოახერხა. რაც შეეხება ხაშურს, რეგიონში, ეს რაიონი ყველაზე ცივ ზონად ითვლება და,სავარაუდოდ, იქ ყველაზე გვიან დაიწყება სამუშაოები. მანამდე კი ხაშურის ტრაქტორებს გორს და ქარელს მიახმარებენ.

 

,,მექანიზატორის" წარმომადგენლის განცხდებით, გორის რაიონში ძირითადად 6 ტრაქტორი მუშაობს. კიდევ 6 ტრაქტორი ქვეკონტრაქტორებს აქვთ. ,,ბელარუსის გუთნები გვაქვს, რომელიც მუდმივად პრობლემს ქმნის, ყოველდღე ,,სვარკა" ჭირდება" - განაცხადა მექანიზატორის ხელმძღვანელმა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები