ახალი ამბები
გამყოფი ხაზის სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებმა ქალებმა თემის საჭიროებები გამოკვეთეს
სოფელ ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი სამოქალაქო ფორუმს დღეს პირველად დაესწრო. ცხინვალის იზოლატორის დატოვების შემდეგ დედის რჩევით გადაწყვიტა, რომ აქტიურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაერთოს და საკუთარი თემის განვითარებაში გარკვეული წვლილი შეიტანოს. დღეს ის გორში გორის ადმინისტრაციულ შენობაში გამართულ შეხვედრას დაესწრო და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალის როლსა და მისი ჩართულობის მნიშვნელობას გაეცნო.

მაია ოთიონაშვილი თავისივე მიწის ნაკვეთში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 29 სექტემბერს დააკავეს და 9 ოქტომბერს გაათავისუფლეს.

„ასეთ შეხვედრაზე პირველად ვარ. მას შემდეგ რაც ცხინვალის საპატიმრო დავტოვე ვცდილობ ხალხში უფრო ხშირად გავიდე, ეს ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა. დედაჩემი სულ მირჩევდა, რომ ჩავრთულიყავი ასეთ ღონისძიებებში, მაგრამ სურვილი არ მქონდა, ზოგჯერ მეზარებოდა კიდეც, მაგრამ ახლა ვნანობ და ვხვდები, რომ აუცილებელია ჩემთვის ასეთ შეხვედრებზე დასწრება, უფრო მეტ ინფორმაციას ვიგებ ქალის უფლებებზე, ქალის როლზე საზოგადოებაში. ვაპირებ, რომ გავაქტიურდე და ჩემი სოფლის პრობლემების მოგვარებაში მივიღო მონაწილეობა."-აღნიშნა მაია ოთინაშვილმა.

ის გამყოფ ხაზთან მდებარე სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებელ ქალებთან ერთად ჯგუფში მუშაობდა და სოფლისთვის აქტუალურ საკითხებს მათთან ერთად განიხილავდა. ლია ჩლაჩიძე, რომელიც ერგნეთში ცხოვრობს და ამავე დროს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, ამბობს, რომ მისი ჯგუფის წევრები მაიასთან ერთად განიხილავენ იმ ძირითადად თემებს, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან პრიორიტეტულად მიაჩნიათ.

შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე ცხინვალიდან დევნილი ლალი ბეჟანიშვილი. ის დევნილი ქალების ჯგუფში მუშაობდა.


შეხვედრის მიმდინარეობას და გაჟღერებულ პრობლემებს ადგილზე ისმენდა მერის მოადგილე. ეკა სუხიშვილის თქმით, ომგამოვლილი ქალების და ზოგადად მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვა მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს და ხელისუფლება მათ უყურადღებოდ არ დატოვებს.

სააქტო დარბაზში შეხვედრა 3 საათის განმავლობაში მიდინარეობდა. პროექტს სახელწოდებით, - „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა (მათ შორის ყველაზე მარგინალიზებულისაც), მონაწილეობის გაძლიერება“ - საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის შიდა ქართლში 3 ორგანიზაცია (ქალთა საინფორმაციო ცენტრი, იძულებით გადაადგილებულ ქალტა ასოციაცია „თანხმობა“ ფონდი „სოხუმი“) ერთად ახორციელებს.

იძულებით გადაადგილებულ ქალტა ასოციაცია „თანხმობას“ ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი აცხადებს, რომ პროექტის მიზანს ქალთა გააქტიურება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

„ 2019 წლის დასაწყისსი ვაპირებთ მოვაწყოთ კონფერენცია, სადაც მონაწილეობას უშუალოდ ეს ადამიანები მიღებენ. პროექტს შიდა ქართლთან ერთად ვახორციელებთ რამდენიმე რეგიონში და გვსურს, რომ პრიორიტეტების გათვალისწინება 2019 წლის ბიუჯეტში თუ ვერა, მომდევნო წლის ბიუჯეტში იყოს გათვალისწინება, უშუალოდ ის საკითხები, რასაც ამ პროექტის ბენეფიციარი ქალები გააჟღერებენ“-ამბობს იულია ხარაშვილი.

შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტმა აღნიშნულ შეხვედრას უკვე უმასპინძლა, ამჯერად უკვე მომდევნო ღონისძიებები დაიგეგმება, სადაც შეხვედრის მონაწილეები კონკრეტულ საკითხებს წარმოადგენენ ხელისუფლებასთან. მრგვალი მაგიდის ფორმატის დღევანდელ შეხვედრაზე კი მისმა მონაწილეებმა შეიმუშავეს შესაბამისი პრინციპები და მიდგომები, „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება“ ეროვნული სამოქმედო გეგმის გორის მუნიციპალიტეტის ლოკალიზაციისათვის დიალოგით საჭიროებების იდენტიფიცირების შედეგად.

Print

სტატიის გამოყენების პირობები