ახალი ამბები
,,გონკაობა“ შავშვებთან მსხვერპლით დასრულდა
სოფელ შავშვებთან მოხდარი ავარიის დროს 2 ადამიანი დაიღუპა 7 კი, - მძიმედ დაშავდა.

დღეს გორის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა დასრულდა, მოსამართლემ დამნაშავედ 35 წლამდე ქალბატონი სცნო.

შემთხვევა სოფელ შავშვებთან 2015 წლის სექტემბერში მოხდა.

ბრალდებულის თქმით, ავარიის დღეს ოჯახის წევრებთან ერთად თბილისიდან გორისკენ მიემართებოდა, გვერდითა ზოლში მოძრავი მანქანა კი, მასთან ,,გონკაობას“ ცდილობდა.

ბრალდებულმა ქალბატონმა ნ.კ. სასამართლო სხდომაზე გაიხსენა დეტალები.

„2015 წლის სექტემბერი იყო, ავარიის მომენტი კარგად არ მახსოვს. მაშინ მართვის მოწმობა ახალი აღებული მქონდა. მომხდარი ფაქტის დღეს თბილისიდან გორში მოვდიოდი, გვერდით მომდევდა ავტომობილი, რომელიც ,,მეგონკავებოდა“. თბილისიდან შავშვებამდე მანქანით ხან გამისწრებდა, ხან ჩამომრჩებოდა. კონკრეტულად ავარიის მომენტი არ მახსოვს. ჩემთან ერთად დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი შვილი და კიდევ ერთი ადამიანი მგზავრობდნენ. ჩემი შვილის ტირილმა გამომაფხიზლა და გონებაზე რომ მოვედი, დავინახე ორივე მძღოლი, მანქანებით მინდორში ვიყავით გადავარდნილები. გონებაზე მოსულმა, გავიგე, ავარიის დროს ჩემს მანქანაში დედაჩემი დაღუპულა, დანარჩენები მძიმედ დაშავდნენ, მეორე მანქანაში მძღოლის გვერდით მჯდომი 1 მამაკაცი დაიღუპა, 3 კი,  მძიმედ იყო დაშავებული“. - განაცხადა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ქალბატონმა.

„მეორე მანქანში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ’’. - აღნიშნა  პროკურორმა შორენა მგალობლიშვილმა.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ, 2015 წელს მომხდარ ავარიაში ბრალდებულ ნ.კ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 276-ე მუხლის 1-ელი, მე-3 და მე-7 ნაწილის თანახმად ბრალდებულ ქალბატონს 6 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები