ახალი ამბები
საპატრიარქო: ეკლესია არ შეიძლება უსახლკაროთა თავშესაფრად გადაკეთდეს
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით, ეკლესიების კარი ყოველ ღამით უნდა გაიღოს უსახლკაროთათვის.

საპატრიარქო გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამასთან დაკავშირებით პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

„გაავრცელეს ინფორმაცია თითქოს პატრიარქის ინიციატივით ღამით ეკლესიები თავშესაფრად უნდა გადაიქცეს, მინდა გითხრათ, რომ ეს ყოველივე სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან არ შეიძლება, ეკლესია თავშესაფრად გადაიქცეს. მის უწმინდესობას ასეთი რამ არ უთქვამს. ეკლესიას აქვს თავისი მისია. არ შეიძლება ეკლესია მოეწყოს და გადაკეთდეს თავშესაფრად. ინტერნეტსივრცეში ხშირად ხდება, რომ ვრცელდება არაზუსტი ინფორმაცია ეკლესიის შესახებ და ამას მოსდევს ხოლმე ძალიან არასწორი ინტერპრეტაციები. ასეთი განცხადებები პატრიარქის სახელით, უნებლიეთ ან მიზანმიმართულად, ემსახურება ცრუ, არასწორი მოლოდინების გაჩენას და იმ ღვაწლზე ჩრდილის მიყენებას, რასაც ეკლესია სოციალური მსახურების კუთხით მრავალი წელია ეწევა". - ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ანდრია ჯაღმაიძის სიტყვებით, ეკლესიის წიაღში ფუნქციონირებს მზრუნველობამოკლებული ბავშვების სახლი, პალიატიური ცენტრი, უპოვართა სასადილოები, თუმცა აღნიშნავს, რომ ეკლესიების გადაკეთება თავშესაფრებად შეუძლებელია.



Print

სტატიის გამოყენების პირობები