ახალი ამბები
რატომ ჩამოვიდა ბაქოდან ბაჰათინ ალიევი კასპის რაიონში
,,დიდი ფულიანი კაცია" - აცხადებენ სოფელ ფერმაში ბაჰათინ ალიევის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ ბაქოდან სოფელში დაბრუნდა. ბაჰათინ ალიევი მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის ნათესავია.

ფერმაში მცხოვრები ბადრი შაჰმურადოღლი და ნარგიზა ემინოვა აცხადებენ, რომ ალიევი ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში (კასპის რაიონი) ,,ქართული ოცნების" სასარგებლოდ მუშაობს. ფერმაში 2018 წლის ოქტომბრის არჩევნებზე (პირველი ტური) მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა არჩევნები 200 ხმით წააგო.

,,ეს კაცი ბაქოდან ჩამოიყვანეს იმის გამო, რომ დააშინოს ხალხი, ხმა მიაცემინოს ქართული ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ, შემდეგ კი, გაათავისუფლონ ციხიდან მარნეულის ყოფილი მერი, რომელიც ამ ალიევის ბიძაშვილია" - აცხადებს ნუგზარ ნონიაშვილი, ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი კასპში.

ალიევის შესახებ საუბარი სოფელში მას შემდეგ დაიწყეს, როდესაც სოფლის სიახლოვეს მდებარე ბოინიდან (ძროხების სასაკლაო) ორი ადამიანი გაათავისუფლეს. ბადრი შაჰმურადოღლი და ემზარ ნურიევი ხუთი დღის წინ სოფლის ცენტრში ჩატარებულ კრებას დაესწრნენ. კრებაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური იმყოფებოდა:

,,შეხვედრის შემდეგ ბოინიდან დამირეკეს, რომ სამსახურში აღარ მოხვიდეო. ეს იმიტომ, რომ 5-იანის კაცი ვარ" - აცხადებს ბადრი შაჰმურადოღლი. ,,5"-იანში ის ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობს, რომელიც ამ პარტიის საარჩევნო ნომერს წარმოადგენს.

იგივეს აცხადებს ემზარ ნურიევი. ის ჯერ სამსახურში მივიდა, სადაც პირადად განუცხადეს სამსახურიდან წასვლის შესახებ.

,,ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი სოფელ ფერმაში ნარგიზა ემინოვა ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული ბადრი შაჰმურადოღლის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ელექტროენერგიის საფასურის გადახუდელობის გამო დენის მიწოდებაც შეუწყვიტეს. 

ბოინის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ცხოველთა სასაკლაოზე მას სულ 10 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული. მისი განმარტებით, სამუშაო იმდენი არ არის, რომ დაქირავებულებს ხელფასი გადაუხადოს: ,,აქ ძირითადად ჩემი ნათესავები ვმუშაობთ. როცა ხელფასს ვერ გადავუხდი, რატომ უნდა ვამუშაო ვინმე" - ამბობს ბოინის დირექტორი. ის ამბობს, რომ პოლიტიკური დაკვეთა ბაჰათინ ალიევისგან არ მიუღია, თუმცა, აღნიშნავს, რომ მსგავსი რამ რომც ეთხოვა ალიევს, აუცილებლად შეასრულებდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ბაჰათინ ალიევის ოჯახსაც ესტუმრა, თუმცა ოჯახის წევრებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ალიევი სახლში არ იმყოფებოდა
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები