ახალი ამბები
,,ნაცემები კი არა, დაღლილები არიან" - შავდათუაშვილისა და მარგველაშვილის მწვრთნელი ანზორ თენაძე ოსაკას გრანდ სლემის შესახებ
ლაშა შავდათუაშვილისა და ვაჟა მარგველაშვილის მწვრთნელი ანზორ თენაძე ოსაკადან (იაპონია) გორში ძიუდოისტებთან ერთად დაბრუნდა. მისი თქმით, გრანდ სლემიდან  წარუმატებელი დაბრუნების რამდენიმე მიზეზი არსებობს.

,,პირველი ის, რომ ბიჭებს დაღლილობა დაეტყოთ, რადგან ერთი კვირის წინ ჰააგაში შეჯიბრებაზე მიიღეს მონაწილეობა. ზედიზედ მოუწიათ ასპარეზობა" - აცხადებს ანზორ თენაძე - ,, მარგველაშვილმა და შავდათუაშვილმა ჰააგაში შეჯიბრების შემდეგ წონაში დაიკლეს და ამას ვერ გაუძლეს. როგორც ჩანს, ამან ჯანმრთელობაზე იმოქმედა. ასევე, როგორც იცით, იანვარში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი იმართება და ამისთვისაც უნდა მოემზადნონ ბიჭები." - აცხადებს ანზორ თენაძე.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შავდათუაშვილს და მარგველაშვილს იაპონიაში ნაკრების სხვა წევრებმა - ვარლამ ლიპარტელიანმა, ნუგზარ ტატალაშვილმა, უშანგი მარგიანმა, ზებედა რეხვიაშვილმა, ლეხუმ ჩხვიმიანმა და გიორგი ბაინდუროვმა სცემეს. ამის შესახებ ინფორმაცია სპორტალ.გემ გაავრცელა.

ლაშა შავდათუაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა ინფორმაციას ფეისბუქის საშუალებით გამოეხმაურა და უარყო ჩხუბის ფაქტი: "მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო გავ­რცე­ლე­ბულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ჩხუბ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვთქვა, რომ ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ოსა­კას გრანდ სლემ­ზე ას­პა­რე­ზო­ბა ვერ მი­ვი­ღე ტრავ­მის გარ­თუ­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად" - წერს შავდათუაშვილი.

ძიუდოს ფედერაციამ ოსაკას გრანდ სლემზე ქართველი ძიუდოისტები 22 ნოემბერს გააცილა შემდეგი განცხადებით:

23-25 ნოემბერი, ოსაკა, გრანდ სლემი
შეხვედრები თბილისის დროით 6:00-ზე დაიწყება. ფინალური ბლოკი 12:30.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
-60კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ - ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი
-90კგ - უშანგი მარგიანი
-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ - გურამ თუშიშვილი 

23 ნოემბერს ოსაკას გრანდ სლემის პირველი დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

60 კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ტატამზე ვერ გამოვიდა და შეჯიბრებიდან მოიხსნა. 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა მიყოლებით დაამარცხა პერუელი პოსტიგოსი, ამერიკელი ელ იდრისისი, თუმცა მეოთხედფინალში  იაპონელ ფუჯისაკასთან დამარცხდა, შემდეგ ბრძოლა რეპეშაჟში განაგრძო, მაგრამ რუს ისლამ ხამეტოვთან დამარცხდა.

24 ნოემბერს გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ) უნდა გასულიყვნენ. იმავე დღეს ძიუდოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს შემდეგი შინაარსით:

,,ტრავმიანობა საქართველოს ნაკრებში. ბოლო დროს საქართველოს ნაკრების წამყვანი ძიუდოისტები ტრავმების გამო ვერ ახერხებენ ტურნირებზე ასპარეზობას და საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას. ჰააგის გრა პრიზე სამი ძიუდოისტი ზებედა რეხვიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი დაშავდა. ისინი ჰოლანდიიდან პირდაპირ იაპონიაში ოსაკას გრან სლემზე საასპარეზოდ უნდა გამგზავრებულიყვნენ, მაგრამ ავთანდილ ჭრიკიშვილს საქართველოში დაბრუნება მოუწია. მას ფეხის ტრავმა აწუხებს და დაახლოებით ერთი თვე მაინც მოუწევს რეაბილიტაცია. შედარებით მსუბუქი ჩანდა ზებედა რეხვიაშვილის და ვარლამ ლიპარტელიანის ტრავმები (რეხვიაშვილს ფეხი აწუხებდა, ლიპარტელიანს - ნეკნი), ამიტომ ისინი იაპონიაში გაემგზავრნენ, თუმცა რეხვიაშვილს ტრავმა გაურთულდა და ის ოსაკას გრან სლემზე ვეღარ იასპარეზებს. უკვე იაპონიაში ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გრან სლემზე ვეღარ გამოვიდა ლუხუმ ჩხვიმიანი, ასევე ტრავმა მიიღო ლაშა შავდათუაშვილმა და გართულებების თავიდან ასაცილებლად ოსაკაში ისიც ვერ გამოვა ტატამზე. საქართველოს ნაკრების ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნაკრების ძიუდოისტები ჯანრთელნი შეხვდნენ წლის ბოლო შემაჯამებელ შეჯიბრს ჩინეთში გასამართ მასტერსს. ჩინეთში შესაძლებელია იასპარეზოს ტრავმამოშუშებულმა ბექა ღვინიშვილმა, რომლის რეაბილიტაცია საკმაოდ სწრაფად მიდის. ჯანმრთელადაა და მასტერსისთვის ემზადება ამირან პაპინაშვილი." - აღნიშნულია ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.

24 ნოემბრის შემდეგ ძიუდოს ფედერაციას ახალი განცხადება არ გაუვრცელებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები