ახალი ამბები
შიდა ქართლის პოლიციის ცნობით, რუსეთის მოქალაქე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა
შს-ს სამინისტროს ცნობით, 2023 წლის 12 ოქტომბერს, რუსეთის მოქალაქე რაფაილ შეპელევი ოკუპირებულ ტერიტორიაზე  სოფელ კირბალიდან გადავიდა.

თუმცა, სამინისტროს ცნობით, მის შესაძლო გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადების მიხედვით, რუსეთის მოქალაქე 12 ოქტომბერს, მისი საცხოვრებელი მისამართიდან გაემგზავრა შიდა ქართლში, კერძოდ ქალაქ გორში, საიდანაც ტაქსით სოფელი კირბალის მიმართულებით გაემგზავრა.

,,დათვალიერდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. გამოკითხული პირების, მათ შორის ტაქსის მძღოლის და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ავტომობილიდან გადასვლის შემდეგ, საკუთარი ნებით გადაკვეთა საოკუპაციო ხაზი და გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმისკენ. '' - აღნიშნულია განცხადებაში.

რადიო თავისუფლების ცნობით, რაფაელ შეპელევი რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაცია „Артподготовка-ს" აქტივისტია.

„Первый отдел-ის" ცნობით, რაფაილ შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. სახლში დარჩა მისი პირადი ნივთები. მისი თანამოაზრეების თქმით, ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები