ახალი ამბები
მამაკაცი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ოჯახური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 45 წლის მამაკაცი დააკავეს.

პროკურორ ია მეფარიშვილის მტკიცებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პიროვნებამ, 21 ივნისს, მეჯვრისხევის ბარაკებში, საკუთარ მეუღლეს და ორ მცირეწლოვან შვილს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამის თაობაზე გორის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე ისაუბრეს.

,, მინდა აღვნიშნო, რომ ამ პიროვნებამ ჯერ მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შურაცხყოფა, მერე კი 6 და 10 წლის მცირეწლოვან შვილებს, ხოლო, როდესაც გაიგო, რომ დაზარალებულმა მეუღლემ პოლიციაში დარეკა, იგი გაიქცა და მიიმალა". - განაცხადა პროკურორმა.

დაკავებულის ადვოკატი ტანია რაზმაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის მხრიდან დაკავებულის მიმართ ბრალდება არასწორია.

,,ბატონო მოსამართლევ, არასწორია ის, რასაც პროკურატურა ამბობს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არსად გაქცეულა და არც მიმალულა. იმ დროს, როდესაც პოლიციამ დააკავა, ის სამსახურში იმყოფებოდა" - თქვა ადვოკატმა.

სასამართლო პროცესიდან ირკვევა, რომ დაზარალებულმა ქალბატონმა, შემთხვევის ღამეს, ქმარს ჯერ პოლიციაში უჩივლა, მისი დაკავების შემდეგ კი, ახალი განცხადება, მისი გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით, პოლიციაში შეიტანა.

,, მეუღლემ დარეკა პოლიციაში, მან უჩივლა ქმარს და ეხლა ითხოვს განთავისუფლებას? როგორც უნდათ ისე მოიქცნენ, მაგრამ 6 ან ათი წლის ბავშვი რატომ უნდა ცხოვრობდეს ძალადობაში ? " - იკითხა პროკურორმა.

" მინდა გთხოვოთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, პატიმრობის ნაცვლად 2000 ლარი გირაო შუფარდოთ, რადგან მეუღლე ამბობს, რომ თუ მის ქმარს ციხეში გაუშვებენ, მათი ოჯახი ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩება და ბავშვებიც მშივრები დარჩებიან "- მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა.

მოსამართლემ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და უთხრა, რომ იგივე ქმედების ჩადენის შემთხვევაში პატიმრობა დაემუქრება.

,, როგორც ჩვენთვის ცნობილია თქვენ შემაკავებელი ორდერიც გქონდათ გამოწერილი მანამდე, ასე რომ ეს ბოლო და უკანასკნელი იყოს. თუ რამეს გაიმეორებთ, შემდეგში აუცილებლად პატიმრობაში გაგიშვებთ". მიმართა დაკავებულს მოსამართლე ნინო გერგაულმა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები