კოდის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებმა დარეჯან ქავთარიამ, საკუთარი
ყულაბიდან აღებული ფულით სხავადასხვა სახეობის პროდუქტი შეიძინა და
დევნილ მოსახლეობას უსასყიდლოდ დაურიგა.
,,რა დროს ფულია, როდესაც ხალხს საკვები ჭირდებათ,“- უთხრა მან
პროდუქტის ასაღებად მისულ მოქალაქეებს.
ქალბატონი დარეჯანი ცხინვალიდან დევნილია და 2008 წლის აგვისტოს ომის
შემდეგ კოდის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. მისი ერთადერთი
შემოსავალი უბანში გახსნილი პატარა სასურსათო მაღაზიაა.
მის დასახლებაში მცხოვრები მეზობელი, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის
დროს დევნილი მარიამ ბერუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილმა ქალბაონმა დარეჯან
ქავთარიამ, კოდის დევნილთა დასახლებაში სასწაულის მომსწრე გაგვხადა,
საკუთარი ყულაბიდან აღებული თანხით სხვადასხვა სახეობის პროდუქტი
შეიძინა და სრულიად უსასყიდლოდ მოქალაქეებს დაურიგა. ქალბატონ
დარეჯანს საკუთარ დასახლებაში პატარა მაღაზია აქვს გახსნილი და სხვა
არანაირი შემოსავალი არ გააჩნია, მიუხედავად ამისა ის გულუხვად
აზიარებს სიკეთეს და სითბოს ყველა ოჯახისთვის. როცა ასეთი ადამიანები
გვყვავს საქართველოში, ვერც კორონავირუსი და ვერც ომი ვერაფერს
დაგვაკლებს,“- წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბერუაშვილი.
Qartli.ge-სთან საუბრისას დარეჯან ქავთარიამ განმარტა, რომ ძალიან
ეუხერხულება და ამ საკითხზე ახლა ვერ ისაუბრებს.
სტატიის გამოყენების პირობები