ახალი ამბები
6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის 6 თანამშრომელს, რომლებიც 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში, საქართველოში დღეს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 90-ს მიაღწია.

,, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გატარდა უმკაცრესი ღონისძიებები. ასევე, მათთან გამოვლენილი პირდაპირი თუ ირიბი ყველა კონტაქტი იმყოფება კარანტინის და თვითიზოლაციის რეჟიმში ყველა წესის სრული დაცვით. კერძოდ, მათთან სავარაუდოდ კონტაქტში მყოფი რვა პირი გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში შემდგომი შემოწმების მიზნით." - აღნიშნულია განცხადებაში.

იდენტიფიცრებულია ვირუსის გადადების წყარო, რომელიც ერთ-ერთი ინფიცირებული თანამშრომლის ინფორმაციით სავარაუდოდ აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ოჯახის წევრს უკავშირდება.

,,მნიშვნელოვანია, ის გარემოება რომ 12 მარტიდან თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე თანამშრომელთა უმრავლესობა დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს, ხოლო 21 მარტიდან თავდაცვის ძალები ყაზარამულ მდგომარეობაზეა გადასული. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს არანაირი შეხება არ ჰქონიათ სხვა სამხედრო ნაწილებთან." - წერია განცხადებაში.

ყველა ინფიცირებული გადაყვანილია სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.

დაავადებულთა შორის გამოჯანმრთელებულია - 16; კარანტინის რეჟიმში -4534 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობას 276 ადამიანი გადის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები