ახალი ამბები
კომენდანტის საათმა მშვიდად ჩაიარა - გუბერნატორი
მთელი ღამის განმავლობაში გორში სიმშვიდე იყო. კომენდანტის საათის განმავლობაში რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

რეგიონის საკოორდინაციო შტაბის ხელმძვანელის განმარტებით, რეგიონის მოსახლეობა სრული გაგებით შეხვდა გამკაცრებულ წესებს და ამისათვის მადლობას უხდის.

31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, გორში და საქართველოს კიდევ 8 ქალაქში საკარანტინო პუნქტები გაიხსნა, სადაც მოსახლეობას ამოწმებენ.

,,შემოწმების დროს, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა მოქალაქეებში ტემპერატურის მატების, ისინი გადაყვანილ იქნენ ახლომდებარე კლინიკებში და რაიმე განსაკუთრებული შემთხვევას ადგილი არ ჰქონია" - განმარტა მან.

დღეს დილიდან გორის საკარაინტონო პუნქტებზე მანქანებს დეზინფექციას უტარებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი ქვეითის ბრიგადის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

მე-11 ბატალიონის შტაბის უფროსის ხელმძღვანელის, კახაბერ ჩიტიშვილის განცხადებით, პირველი ქვეითი ბრიგადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს წარმატებით ეხმარება.

,,მოგახსენებთ, ქალაქ გორში, ფუნქციონირებს 5 პუნქტი, აღნიშნულ პუნქტებზე სამხედრო მოსამსახურეები, შს სამინისტროს ძალებთან ერთად, ატარებენ მოქალაქეებისთვის თერმოსკრინინგს, ასევე მანქანების დამუშავებას შესაბამისი ხსნარებით, მაქსიმალურად ჩართულები ვართ ვირუსის პრევენციის მიზნით" - განაცხადა კახაბერ ჩიტიშვილმა.

ბოლო 24 საათის პერიოდში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდასტურდა. 1 აპრილის დილის 10 საათის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 115-ს მიაღწია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები