ახალი ამბები
განვლილმა ორმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა - გუბერნატორი
გორის საკარანტინო პუნქტებზე ვითარება ბოლო ორი დღის განმავლობაში მშვიდია. ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელის ცნობით, საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის დარღვევების მხოლოდ ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა. ხოჯევანიშვილმა მედიასთან ორი დღის ვითარება იმიტომ შეაჯამა, რომ გუშინ ბრიფინგი არ ჩაუტარებია.

მისი განცხადებით, სატვირთოს მძღოლის გარდა, რეგიონში მცხოვრებ სხვა პირებს კორონავირუსი დადასტურებული არა აქვთ. რაც შეეხება სატვირთო მანქანის მძღოლს, ისმას სომხეთში გადასასვლილსას 1 აპრილს დაუდგინდა კორონავირუსი და მოათავსეს კარანტინში.

ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ ყველა კონტაქტი გამოვლენილია და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება.

დღეს საქართველოში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევები 188-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა 2.

შესაბამისი ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. გუშინ საღამოს შემდეგ, დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 14-ით გაიზარდა.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.
Print

სტატიის გამოყენების პირობები