ახალი ამბები
რა არის კორონავირუსი
2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში დაფიქსირდა უცნობი ვირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები. ვირუსს ეწოდა 2019 – nCOV ვირუსი. 

ეს ახალი ვირუსია და შესაძლებელია დღეს არსებული ინფორმაცია მომავალში შეიცვალოს.

კორონავირუსი მიეკუთვნება ვირუსების დიდ ოჯახს, იგი შედგება გენეტიკური მასალისაგან და გარშემორტყმულია გარსით, რომელსაც გააჩნია ცილოვანი საცეცები.

საცეცები მას გვირგვინის შესახედაობას აძლევს. გვირგვინს ლათინურად ეწოდება ,,კორონა“. სწორედ აქედან წარმოსდგება ამ ვირუსის სახელწოდება - კორონავირუსი.

არსებობს კორონავირუსის რამდენიმე ტიპი, რომელიც ზოგჯერ იწვევს როგორც რესპირაციულ, ასევე გასტროენტერალურ სიმპტომებს, რესპირაციული დაავადება შეიძლება გამოიხატოს უმნიშვნელო გაციებიდან პნევმონიამდე.

დაავადება ხშირ შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, არსებობს კორონავირუსის ზოგიერთი ტიპი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს უფრო მძიმე დაავადებები.



მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი: (SARS – Severe Acute Respiratory Sindrom) რომელიც პირველად 2003 წელს აღმოჩნდა ჩინეთში და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS), რომელიც პირველად 2012 წელს საუდის არაბეთში დაფიქსირდა.

2019 წელს ჩინეთში დაფიქსირდა 2019 – nCOV-ის პირველი შემთხვევა. დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ადამიანთა ჯგუფში, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ზღვის პროდუქტებისა და ცოცხალი ცხოველებით მოვაჭრე ბაზართან, ჩინეთის ქალაქ უჰანთან.

მათ განუვითარდათ პნევმონია და შემდეგ დაავადებულთაგან ვირუსის გადაცემა მოხდა ოჯახის წევრებსა და სამედიცინო პერსონალზე.

სწორედ ასე მოხდა დაავადების გავრცელება ჩინეთში. შემდეგ კი სხვა ქვეყნებში.

საიდან წამოიშვა ვირუსი?

ვირუსი ცირკულირებს ცხოველებში. ხანდახან ხდება მისი გადაცემა ცხოველიდან ადამიანზე. რასაც ვირუსის მუტაცია ან ადამიანის ცხოველთან მჭიდრო კონტაქტი უწყობს ხელს.

მაგალითად, MERS-cov-ის გადაცემა მოხდა აქლემისგან, ხოლო SARS-vov კატისებრთა ერთ-ერთი ოჯახისგან.

2019-nCov-ის რეზერვუარი ჯერ ცნობილი არ არის.



როგორ გადაეცემა 2019-nCOV?

ჩვეულებრივ, სასუნთქი სისტემების ვირუსული ინფექციების გადაცემა ხველებისა და ცემინების დროს წვეთოვანი გზით.

ან ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირთან კონტაქტის დროს.

კორონავირუსით დაინფიცირების რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან:

ცხოველებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირები, მაგალითად, ცოცხალი ცხოველების ბაზარში მომუშავე ადამიანები, რომელთაც უწევთ ახლო კონტაქტი ვირუსით დაავადებულ ადამიანთან; ინფიცირებულების ოჯახის წევრები და სამედიცინო პერსონალი.

როგორ ვლინდება დაავადების სიმპტომები?

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დაავადების სიმპტომები შესაძლოა გამოხატული იყოს მსუბუქად ან მძიმედ.

შესაძლოა გამოვლინდეს ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება.

უფრო მძიმე შემთხვევაში შეიძლება გართულდეს პნევმონიით, თირკმელების უკმარისობით და დასრულდეს სიკვდილით.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?

შემთხვევების დადასტურება ხდება პოლიმერაზიული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით, (PCR პჯრ)

PCR-ით შესაძლებელია ნუკლეინის მჟავით სპეციპიკური მონაკვეთის გამრავლება, რაც ვირუსის გამოვლენის საშუალებას იძლევა საკვლევ ნიმუშში მისი უმცირესი კონცენტრაციის შემთხვევაშიც კი.

სპეციპიკური სამკურნალო პრეპარატი ამ ეტაპზე არ არსებობს; ტარდება ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექციებისთვის დამახასიათებელი მკურნალობა.

ამ ეტაპზე არ არსებობს ვაქცინა. ორივე შემუშავების სტადიაშია.



როგორ ავირიდოთ ვირუსის გავრცელება?

ხველისა და ცემინების დროს აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი.

მოერიდეთ დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტს.

გამოიყენეთ ნიღბები ან პერსონალური დაცვის საშუალებები. განსაკუთრებით, სამედიცინო პროცედურების ჩატარებისას,

ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და გამდინარე წყლებით, ან დაიმუშავეთ ხელი სპირტისშემცველი ხსნარით.

თუ თავს ცუდად გრძნობთ, მნიშვნელოვანია დარჩეთ სახლში.

თუ გაქვთ სიცხე, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, მიმართეთ ექიმს. აცნობეთ ექიმს მოგზაურობის ისტორია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები