ახალი ამბები
მეჯვრისხეველი მძღოლი, რომელიც სომხეთიდან COVID 19-ის სიმპტომებით გადმოიყვანეს, ჯანმრთელია
54-წლის მამაკაცი, რომელსაც სომხეთში COVID 19 დაუდგინდა, ჯანმრთელია. თბილისში გადმოყვანის შემდეგ ჩატარებული ტესტირებისას უარყოფითი პასუხი ორჯერ მიიღეს.

ინფორმაცია Qartli.ge-ს თავდაპირველად ცხელების ცენტრის დირექტორმა, ვასიკო ჭეიშვილმა მიაწოდა. მან გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, რომ ეს მამაკაცი შესაძლოა კორონავირუსით არც ყოფილიყო დაინფიცირებული.

,,როგორც მე ვიცი, ამ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა, უმჯობესია, მაინც საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს ჰკითხოთ" - განაცხადა ვასიკო ჭეიშვილმა ,,ქართლის სტუდიაში"

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მარი გიუნაშვილი აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ პიროვნებას კორონავირუსი მართლაც არ დაუდგინდა:

,,თბილისში გადმოყვანის შემდეგ ტესტირება ორჯერ ჩაუტარდა. ორივე შემთხვევაში ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ჩვენ ვერ გეტყვით სომხეთში ჰქონდა თუ არა კორონავირუსი, იქ გარკვეული სახის მკურნალობა ჩაუტარეს. აქ გადმოყვანის შემდეგ, ორივე პასუხი უარყოფითი მივიღეთ," - აცხადებს მარი გიუნაშვილი.



შეგახსენებთ, საუბარია მამაკაცზე, რომელიც სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობს. მან საქართველო-სომხეთის საზღვარი 1 აპრილს გადაკვეთა. სომხეთის ჯანდაცვის ცენტრმა თბილისს აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით იყო დაინფიცირებული.

აღნიშნული პიროვნება სომხეთიდან საქართველოში ჯერ კიდევ 14 მარტს დაბრუნდა. სოფელ მეჯვრისხევში 31 მარტამდე გაატარა. შემდეგ ისევ სომხეთში სატვირთო მანქანით გაემგზავრა. საზღვარზე კი, უთხრეს, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 266-ია; მათ შორის გამოჯანმრთელებული - 67; გარდაცვლილია - 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში - 4890 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 439

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები