ახალი ამბები
მთავრობამ ხაშურის სოფელ ხიდისყურის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გარდა, სოფელში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები. მოქალაქეებს სახელიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება.

,,ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით. ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, სოფელ ხიდისყურში საკარანტინო რეჟიმის პირობებში, მუშაობის უფლება მიეცემა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს." - აღნიშნულია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.



ხიდისყური — ხაშურის მუნიციპალიტეტში (გომის თემი), ხაშურიდან 12 კმ მანძილზე მდებარეობს. სოფელში 100-მდე ადამიანი ცხოვრობს.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 67 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 3 ადამიანი.

ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 439 პირი.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მოისმინეს ეპიდემიოლოგების პროგნოზი, რომლებიც ინფიცირების შემთხვევების ზრდას ელოდებიან. ამიტომ, საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი წესები და სახლიდან მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდნენ.

იხ. ამავე თემაზე:

ხაშურის სოფელ ხიდისყურში COVID 19 კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები