ახალი ამბები
ხოვლეში ეპიდემიოლოგები მუშაობენ - კასპი შედეგების მოლოდინში
დღეს დილიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ეპიდემიოლოგები იმ ოჯახების წევრებს იკვლევენ, ვისთანაც კორონავირუსით დაინფიცირებულს კონტაქტები ჰქონდა.

სოფლის წარმომადგენლის, ბაჩო (თამაზ) ხუციშვილის განცხადებით, მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდება. საეჭვო შემთხვევების შესახებ, ის ინფორმაციას არ ფლობს.

სოფელში მუშაობენ ასევე კასპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებიც. ცენტრის ხელმძღვანელის დირექტორის, ნანა ნინოშვილის თანაშემწე გვეუბნება,ომ მისი ხელმძღვანელი აქტიურად მუშაობს სოფელში და ჯერ რაიმე საეჭვო სიმპტომების შესახებ, არაფერი ინფორმაცია გააჩნია. ,,ტელეფონი მე დამიტოვა მანქანაში, თვითონ აქტიურად მუშაობენ სახლებში. რაიმე საეჭვო შემთხვევებზე ინფორმაცია არ მაქვს" - გვითხრა თანაშემწემ.

სოფლის დეპუტატმა, ვახტანგ ხათაშვილმა გვითხრა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ პიროვნებას უდასტურდება კორონავირუსი, რომელიც საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია:

,,გუშინაც გაიარა მანქანით მაგ ბიჭმა, მე თვითონ დავინახე. როგორც გავიგე, სიცხე ჰქონია და კორონავირუსი დაუდასტურა. მეც აქტიურად ვადევნებ თვალყურს სოფელში რა ხდება, როგორც მე ვიცი, სხვა ჯერ არავინაა საეჭვო სიმპტომებით" - ამბობს ვახტანგ ხათაშვილი.

კასპის საკრებულოს წევრი ,,ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ნონიაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია მუნიციპალიტეტში მასობრივი ტესტირება, რადგან სოფელ ხოვლეში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც დაცვაში მუშაობს:

,,ამ სოფელში მარტო ეგ ბიჭი არ მუშაობს დაცვაში. სხვებიც არიან. როგორც მე ვიცი, სამსახურში სხვებთან ერთად დადიოდა. ამიტომ, აუცილებელია ჩატარდეს მასობრივი ტესტირება არა მარტო ხოვლეში, არამედ სხვა სოფლებშიც, პრევენციისთვის ეს აუცილებელია" - აცხადებს ნუგზარ ნონიაშილი.

დღეს დილით ადგილობრივმა მკვიდრმა სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ ხოვლეში თეთრხალათიანები გამოჩდნენ. სამთავრობო დაცვის წევრს, 32-წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა. ის თბილისში, კლინიკაში 12 აპრილს მიიყვანეს.

დაინფიცირებული მამაკაცი საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია. ეს ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს დაუდასტურა. ჯერჯერობით საპატრიარქოს დამატებითი დეტალებზე არ უსაუბრია.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 296-ია; მათ შორის გამოჯანმრთელებული - 69

გარდაცვლილი - 3; კარანტინის რეჟიმში - 4856; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 458
Print

სტატიის გამოყენების პირობები