ახალი ამბები
სასაფლაოები შესაძლოა დროებით დაიკეტოს
ღდგომის და, განსაკუთრებით, მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში მსხვილ ქალაქებში შესაძლოა სასაფლაოები დაიხუროს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ეს ღონისძიებები პირდაპირპრორპორციულად დამოკიდებულია კორონავირუსის გავრცელების დინამიკასთან. გახარიამ აღნიშნა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში, სხვა დღეებთან შედარებით, ერთდროულად ვირუსი ყველაზე მეტ ადამიანს დაუდგინდა.

,, ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების იმ დინამიკასთან, რომელიც იქნება. მესმის, რომ არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ უახლოესი ერთი – ორი დღის განმავლობაში და წინასწარ, რა თქმა უნდა, ადამიანებს გავაფრთხილებთ. დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვიწევს შეზღუდვა." - აღნიშნა პრემიერმა.

გახარიამ განმარტა, რომ სასაფლაოები მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენს და შესაბამის გადაწყვეტილებას მერები მიიღებენ. ხოლო იქ სადაც მუნიციპალური არ არის, გარკვეული შეზღუდვების დაწესება გარკვეული პერიოდით დიდი ალბათობით მოხდება.

,,ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში და ამ ბრძოლის ხაზი გადის ყველგან. არის შემთხვევები, სადაც კომპრომისი უბრალოდ საკმაოდ მძიმე და რისკის შემცველია"- აღნიშნა პრემიერმა.

შესაძლებელია თუ არა გორში სასაფლაოს ისე იზოლირება, რომ იქ მოხვედრა მოქალაქეებმა ვერ შეძლონ? ამ კითხვით, გორში, კვერნაკის დასახლების წარმომადგენელს, ნიკოლოზ მიქაბერიძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, გორის სასაფლაოს იზოლირება შესაძლებელია, თუკი ამ გადაწყვეტილებას მერია მიიღებს:

,,გორის სასაფლაოს მიმართულებით ორი მისასვლელი გზა არსებობს - ერთი ცენტრალური და მეორეც სამანქანე გზა ღამბარაულის ქუჩიდან. ამ მოასფალტებულ გზაზე გადაადგილების შეზღუდვა პატრულს არ გაუჭირდება, რაც შეეხება მესამე შემოვლით გზას, ეს არის ბუხაიძის ქუჩიდან, სადაც მანქანების მიმოსვლა შეუძლებელია. ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერი, კონსულტაციები ამ საკითხზე არ გვქონია ჯერ. მე დღესაც დავათვალიერე სასაფლაოს ტერიტორია და მინდა გითხრათ, რომ ჯერ რაიმე მოძრაობა არ შემინიშნავს, მაგალითად, იმ კუთხით, რომ მოქალაქეები სააღდგომოდ ასუფთავებდნენ წინაპრების საფლავს" - აღნიშნავს მერის წარმომადგენელი კვერნაკის დასახლებაში, ნიკოლოზ მიქაბერიძე.

,,გორმედის" ცხელების ცენტრის დირექტორი, ვასიკო ჭეიშვილი ,,ქართლის სტუდიაში" ჩართვისას ამბობდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირების რისკი მაღალია სასაფლაოზე, თუკი მოქალაქეები ღვინოს სასმისიდან მიიღებენ, ამიტომ, ის მოქალაქეებს ურჩევს, რომ თუკი სასაფლაოზე მოქალაქეები დაიშვებიან, არ გამოიყენონ ერთი ჭურჭელი.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 296-ია; მათ შორის გამოჯანმრთელებული - 69

გარდაცვლილი - 3; კარანტინის რეჟიმში - 4856; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 458

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები