ახალი ამბები
ვის არ ეხება შეზღუდვები თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის ჩაკეტვის დროს
"დღეს 21:00-დან აიკრძალება ამ ქალაქებში შესვლა და გამოსვლა. რა თქმა უნდა, იმოქმედებს გამონაკლისები. ამ მუნიციპალიტეტში შესვლა შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული, ხოლო 10 დღის განმავლობაში ისინი ამ მუნიციპალიტეტებს ვერ დატოვებენ. ამ მუნიციპალიტეტების დატოვების საშუალება და უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სხვა მუნიციპალიტეტებში", – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ.

ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა იმ გამონაკლისებზე, რომელიც იქნება გათვალისწინებული:

"შეზღუდვები არ შეეხებათ შემდეგ კატეგორიებს – სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების გადაადგილებას, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე; საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ სამსახურებს, მათი საქმიანობიდან გამომდინარე; ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გადაყვანას; ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და ასევე სხვა ფასეულობების ინკასაციას; ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის მოწოდების მიზნით აუცილებელ გადაადგილებას; ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო, ასევე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ მომსახურეობის მოწოდების მიზნით გადაადგილებას; სარკინიგზო მოწოდების მიმოსვლას, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ტექნიკურ გადაადგილებასთან; ასევე ჟურნალისტების საქმიანობას და მათი განხორციელების მიზნით, მედიასაშუალებების გადაადგილებას; სარიტუალო მომსახურების მიზნით მომსახურებას და აქ იგულისხმება მიცვალებულთა გადასვენება ან დაკრძალვა; ასევე ჰუმანიტარული მიზნებისათვის საერთაშორისო მისიების გადაადგილებას, კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას და იმ საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა გადაადგილებას, რომელთა საქმიანობაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საგანგებო მდგომარეობის დროს; ასევე, მთავრობის დადგენილებით დაშვებული, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებულ იმ სუბიექტებს, რომლებიც არიან ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში და რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად", – აღნიშნა მან.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში ნებისმიერი გადაადგილებისას, აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები