ახალი ამბები
დონორი ორგანიზაციები საქართველოს 1,5 მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარებიან
პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან(IMF) მიღწეულ შეთანხმებაზე და აღნიშნა, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს IMF-თან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში დამატებით შემოსულ 447 მილიონ დოლარს ნიშნავს.

გიორგი გახარიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, მსოფლიო ბანკს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს და განაცხადა, რომ ყველა ამ დონორ ორგანიზაციასთან პირველადი მოლაპარაკებების თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს ეკონომიკის მხარდასაჭერად, ისინი 1,5 მილიარდი აშშ დოლარის ინექციას განახორციელებენ.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს არის საბიუჯეტო და მიზნობრივი დახმარებები, რომლებიც მიმართული იქნება, როგორც საბიუჯეტო დახმარების, ასევე კონკრეტული პროექტების მიმართულებით.

პრემიერმა საფინანსო და საბანკო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობაზეც ისაუბრა.

"მათი მხარდაჭერის მიზნით, მოლაპარაკებები გვქონდა ამავე დონორ ორგანიზაციებთან, რომელთაც დამატებით გამოაცხადეს მზადყოფნა, რომ საქართველოს კერძო სექტორს, საფინანსო სექტორს და რეალურ სექტორს ასევე, 1,5 მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარონ. ეს თანხა ამ დონორი ორგანიზაციების მხრიდან მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს ბიზნესს და საფინანსო სექტორს შეეძლება ამ თანხის ათვისება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ პროცესს საკმაოდ მძიმე 3-კვირიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ.

გიორგი გახარიას თქმით, ეს არის კრიზისული დახმარების ის ძირითადი საბაზისო პორტფელი, რომელზეც პირველადი შეთანხმება შეიძლება მიღწეულად ჩაითვალოს.

"ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას, ეკონომიკურ გუნდთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დავიწყოთ რეალური მუშაობა პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე. ეს სხვა ისტორიაა, ეს სხვა გეგმაა და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის, საქართველო შეძლებს კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვას", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები