ახალი ამბები
,,ცივა ტაძრის გარეთაც და გაითვალისწინონ გაციების შესაძლებლობა" - მეუფე ანდრია
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ მრევლს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ამის შესახებ დღეს, ვნების კვირეულის დიდი ხუშთაბათის აღნიშვნისას, განაცხადა. 

მისი თქმით, ვისაც რაღაც საფრთხე გააჩნია, თუნდაც გაცივდეს ვნების შვიდეულის რომელიმე დღეს ან აღდგომის ღამეს, ის თავს შეიკავებს და სახლში დარჩება.

,,მსახურებები გაგრძელდება ვნების შვიდეულის ტიპიკონის მიხედვით, იმ წესების დაცვით რომელიც არის დადგენილი დღევანდელ დღეს საქართელოში, დისტანციის დაცვით, ხელთათმანებით, სადეზინფექციო ხსნარით.

კომენდანტის საათი მოქმედებს და არ იცვლება არც აღდგომის ღამეს, ამიტომ მრევლი შიკრიბება ტაძარში უფრო ადრე. თქვენ ხედავთ, რომ ტაძრის ეზო არის ყვავილებით მოხატული, დანიშნული ადგილებია, და ამგვარად ვფიქრობთ შევხვდეთ აღდგომის დღესასწაულს.

მე ვფიქრობ, რომ მრევლი გაგებით ეკიდება დღევანდელ ვითარებას და ვისაც რაღაც საფრთხე გააჩნია, თუნდაც გაცივდეს ვნების შვიდეულის რომელიმე დღეს ან აღდგომის ღამეს, ის თავს შეიკავებს და სახლში დარჩება.

თავისთავად ეხება ეს მოხუცებსაც და ბავშვებსაც, დიახ მე ამას მოვუწოდებ. რადგან ცივა ტაძრის გარეთაც და გაითვალისწინონ გაციების შესაძლებლობა.

ვინც თავს ჯანმრთელად და მხნედ გრძნობს, ის თავად გადაწყვეტს მოვა თუ არა. პირდაპირ ჩართვას რაც შეეხება, მოვსინჯავთ, ჩვენი ძალებით ვცდილობთ ამას, რომ მოხდეს პირდაპირი ტრანსლაცია 12 ვნების სახარების წაკითხვის." - აღნიშნა მეუფე ანდრიამ.

16 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა საქართველოში კიდევ 30-ით გაიზარდა და 336-ს შეადგენს.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინში 5 000 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 494, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები