ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე: ,, თუ ყურადღებას მოვადუნებთ, 10 მაისამდე 4 ათასამდე ინფიცირებულს მივიღებთ "
,,ჩვენ თუ დღეს ყურადღებას მოვადუნებთ, 10 მაისისთვის 4 ათასი ინფიცირებული გვეყოლება" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა ამირან გამყრელიძემ ,,იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ფიქსირდება კორონავირუსის შიდა გავრცელების ფაქტები, როდესაც პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება.

,,ზრდა არის და ზრდა იქნება. ჩვენი პირველი მოწოდებაა სოციალური დისტანცირება, რაც შეიძლება ნაკლები თავყრილობები. აი, ეს ოთხი დღე არის თავყრილობების რისკის შემცველი დრო. ტაძრებში იკრიბება ხოლმე დიდი რაოდენობით ადამიანები. დღეს დიდი ხუშთაბათია და უკვე ხდება შეკრება. ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას, ჩვენს ტრადიციულ დღესასწაულებში. ვირუსი შეიძლება ხვალ, ზეგ არ გამოჩნდეს, მაგრამ გამოჩნდება 4,5 ან 8 დღის შემდეგ. ხოლო 10 მაისამდე სადღაც 4,5 6 ათასამდე ავიდეს ინფიცირებულთა რაოდენობა. " - განაცხადა ამირან გამყრელიძემ

გამყრელიძე მოუწოდებს მორწმუნესსაც და სხვა მოქალაქეებს, რომ აღდგომის დღესასწაულები სხვა ფორმატით აღნიშნონ:

,,ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე ვართ. არსებობს ახალი ვირუსი, რომელსაც ვერ აკონტროლებს ვერც ერთი ქვეყანა, ყველაზე უფრო ძლიერი ქვეყანაც კი. მივმართავ ყველას, ჩვენს მღვდელმსახურებს, რომ მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ჩავატაროთ აღდგომა სხვა ფორმატით. ღმერთი უფრო მოწყალე იქნება, თუ ბევრი ქართველი გადაურჩება." - აღნიშნა მან. 

16 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა საქართველოში კიდევ 30-ით გაიზარდა და 336-ს შეადგენს.

სტოპცოვ.გე-ზე გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი, გარდაიცვალა – 3, კარანტინში 5 000 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 494, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები