ახალი ამბები
განსხვავებული სააღდგომო მოწოდებები შიდა ქართლის ეპარქიების მღვდელმთავრებისგან
შიდა ქართლის ხუთ ეპარქიაში, ქრისტეს აღდგომის ღამისთევაზე დასასწრებად, მრევლი მხოლოდ რუისის-ურბნისის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა მოიხმო. დანარჩენებმა აღნიშნეს, რომ დასწრება მხოლოდ მათ ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

ეს განცხადებები უკავშირდება კორონავირუსის ეპიდემიას, რომელიც საქართველოში უკვე გავრცელებულია. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მრევლს ურჩევენ, რომ დღესასწაულებს სახლში შეხვდნენ, რადგან თავიდან იქნება აცილებული ვირუსის ფართო გავრცელება.

რუისისა და ურბნისის მღვდელმთავარმა
დღეს, რუისის ფერისცვალების ტაძარში განაცხადა, რომ ვინც აღდგომას ეკლესიაში არ დაესწრება, ის მცირედმორწმუნეა:

,,ზოგიერთ სასულიერო პირს არ ახსოვს ღვთის სასჯელი, თუ რის გამო ეძლეოდათ ერებს, ბერებს ღვთის სასჯელი, როცა გადაუხვევდნენ სარწმუნოებას, როცა ცოდვა მრავლდებოდა. ნებისმიერი სასჯელი ღვთისაგან წამოსული არის ჩვენი ჭკუის სასწავლებლად; რომ ჩვენ გამოვფხიზლდეთ. მადლობა უფალს საქართველოში კორონავირუსით ბევრი არაა გარდაცვლილი, მაგრამ ბევრს ჭკუა ასწავლა. ბევრს დააფიქრა. მიუხედავად იმისა, რომ მოწოდება არის, რომ არ წახვიდეთ ეკლესიაში, რატომ არ ამბობენ, არ წახვიდეთ კარფურში? სავაჭრო ცენტრებში, მარტო ეკლესიაზეა გამახვილებული მთელი ყურადღება. არა და, აქ ეს ღვთის სახლია, აქ ადამიანი ინკურნება. ნახეთ დღეს რა შეფასებებს აკეთებენ. ფანატიკოსებს გვეძახიან, თვით სასულიერო პირებიც. ფანატიზმი კი არაა, ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. "  - განაცხადა მეუფე იობმა დღეს რუისში.

ხაშურის ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი სვიმეონი მრევლს მოუწოდებს, რომ მკაცრად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები:

,, მრევლი, რომელნიც მსახურებაზე მობრძანდებით, გეძლევათ ლოცვა- კურთხევა, გაითვალისწინოთ შექმნილ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული შეზღუდვები და რეკომენდაციები. სურამისა და ხაშურის ეპარქიაში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება ტრადიციისამებრ, ჯანდაცვის უწყებათა რეკომენდაციების გათვალისწინებით!" - აღნიშნულია სვიმეონის განცხადებაში.

ატენისა და გორის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია ერთ-ერთია იმ ეპისკოპოსებს შორის, რომელიც მთელი კვირის მანძილზე ცდილობდა მრევლი დარწმუნებინა, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას:

,,კომენდანტის საათი მოქმედებს და არ იცვლება არც აღდგომის ღამეს, ამიტომ მრევლი შეიკრიბება ტაძარში უფრო ადრე. ტაძრის ეზო არის ყვავილებით მოხატული, დანიშნული ადგილებია. ვისაც რაღაც საფრთხე გააჩნია, თუნდაც გაცივდეს აღდგომის ღამეს, ის თავს შეიკავებს და სახლში დარჩება. თავისთავად ეხება ეს მოხუცებსაც და ბავშვებსაც, დიახ, მე ამას მოვუწოდებ. რადგან ცივა ტაძრის გარეთაც და გაითვალისწინონ გაციების შესაძლებლობა." - აღნიშნა მეუფე ანდრიამ.

ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე ისაია ამბობს, რომ ზიარების შემდეგ მოქალაქეებისთვის უმჯობესია ორი კვირით თვითიზოლაციაში იყვნენ:

"ვფიქრობდი, უცხოეთიდან თუ გადმოგვყავს ადამიანი და ვამყოფებთ იზოლაციაში გარშემომყოფებიც რომ მშვიდად იყვნენ, ადამიანებმა, ვინც ეზიარება ორი კვირა თვითიზოლაციაში ამყოფონ თავისი თავი - ღირს ეს ზიარებად. ვიდრე ეზიარება ადამიანი, ემზადება ამისთვის და მადლობის ლოცვასაც ვამბობთ ხოლმე და იქნებ ასეთი განმარტოვების დრო უფრო სასარგებლო იყოს მორწმუნე ქრისტიანისთვის. ვფიქრობდი, ამ მხრივ იქნებ უფრო გონივრული იყოს ეს. თუ არის საფრთხე ადამიანი თავს დაიზღვევდა და სხვებიც იქნებოდნენ მშვიდად. რომ არ იყოს წინააღმდეგობა და ჭიდილი ერთმანეთთან. " - აღნიშნა მეუფე ისაიამ.

რაც შეეხება სამთავისისა და კასპის ეპარქიის წინამძღვარს, ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, თუმცა ეპარქიაში აღნიშნავენ, რომ საპატრიარქოს განცხადების მიხედვით იმოქმედებენ:

რეკომენდაციები ეხება კომენდანტის საათს. კერძოდ:

- მრევლი მივა ტაძრებში კომენდანტის საათის დაწყებამდე, 21:00 საათამდე და დატოვებს ეკლესიას 06:00 საათის შემდეგ.

- გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა - რისკჯგუფში შემავალი ხალხი, ასევე ისინი, ვინც ოჯახში რისკჯგუფებში შემავალ ადამიანთან ერთად ცხოვრობს, დარჩეს სახლში.

- დიდ ტაძრებში მრევლი დადგება 2–მეტრიანი დისტანციის დაცვით, პატარა ტაძრებში მრევლი დადგება გარეთ და შიგნით მხოლოდ სასულიერო პირები დარჩებიან,

- ტაძრებში, სადაც არის ამის საშუალება, წირვა დილითაც გაიმართება, რათა მრევლი გადანაწილდეს.

- სასურველია რომ არ გაიმართოს სააღდგომო სადღესასწაულო ტრაპეზები.

- დაუშვებელია აღდგომას და მომდევნო დღეებში საფლავებზე გასვლა. ამ მხრივ მრევლი დაემორჩილოს სახელმწიფო რეგულაციებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები