ახალი ამბები
,,შედეგებს დავინახავთ ერთი კვირის, ათი დღის შემდეგ" - ამირან გამყრელიძე ეკლესიებში მრევლის შეკრების შესახებ
კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა იქნება. ზრდის შემთხვევაში, რა როლი ექნება ეკლესიებში მრევლის დასწრებას, ამას 10 დღეში გავიგებთ.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, აღდგომის ღამეს მრევლის დიდმა ნაწილმა რეკომენდაციები გაითვალისწინა და არ მივიდა ეკლესიაში, რითაც სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი დონე გამოამჟღავნა:

,,ვნახეთ გუშინ, რომ ნაკლები ადამიანი იყო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იგვე ტაძრებში და დაცული იყო მაქსიმალურად დისტანცირება, ძალიან ბევრი არ მივიდა და მადლობა ამ ადამიანებს, ვფიქრობ, რომ მხოლოდდამხოლოდ შეამცირებს შემდგომ ზრდას ქვეყანაში." - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

არის თუ არა ეს დამშვიდების საფუძველი, ამირან გამყრელიძე აცხადებს:

"დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ახალი შემთხვევების ზრდა იქნება და თუ რა როლი ითამაშა იმ შეზღუდვებმა, რაც განხორციელდა და რაც ასევე, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში არ განხორციელდა, ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის, ათი დღის შემდეგ", — განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საპატრიარქომ  მრევლს სახლში დარჩენისკენ არ მოუწოდა, არც ეკლესიები დაკეტა დროებით. პირიქით, საქართველოს მთავრობა და ეკლესია შეთანხმდნენ, რომ აღდგომის ლიტურგიას მრევლიც დაესწრო.

19 აპრილის 15 საათის მონაცემებით:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 394; მათ შორის გამოჯანმრთელებული - 86; გარდაცვლილი - 4; კარანტინის რეჟიმში - 5094; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 547.
Print

სტატიის გამოყენების პირობები