ახალი ამბები
COVID 19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 93-ს მიაღწია
19 აპრილს, საღამოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში მათმა რაოდენობამ 93-ს მიაღწია.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, დადასტურებული შემთხვევა დილის შემდეგ არ შეცვლილა და 394-ია.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, გარდაცვლილი - 4; კარანტინის რეჟიმში - 5094, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 547 მოქალაქე იმყოფება.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. ზრდის შემთხვევაში, რა როლი ექნება სააღდგომოდ ეკლესიებში მრევლის დასწრებას, ამას 10 დღეში გავიგებთ.

მისი თქმით, აღდგომის ღამეს მრევლის დიდმა ნაწილმა რეკომენდაციები გაითვალისწინა და არ მივიდა ეკლესიაში, რითაც სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაღალი დონე გამოამჟღავნა:

,,ვნახეთ გუშინ, რომ ნაკლები ადამიანი იყო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იგვე ტაძრებში და დაცული იყო მაქსიმალურად დისტანცირება, ძალიან ბევრი არ მივიდა და მადლობა ამ ადამიანებს, ვფიქრობ, რომ მხოლოდდამხოლოდ შეამცირებს შემდგომ ზრდას ქვეყანაში." - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

არის თუ არა ეს დამშვიდების საფუძველი, ამირან გამყრელიძე აცხადებს: "დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ახალი შემთხვევების ზრდა იქნება და თუ რა როლი ითამაშა იმ შეზღუდვებმა, რაც განხორციელდა და რაც ასევე, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში არ განხორციელდა, ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის, ათი დღის შემდეგ", — განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამირან გამყრელიძემ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები